ესპანური ტელეკომპანია საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ გადაცემას ამზადებს
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთის მაღალრეიტინგულ ტელეკომპანიას “ETB2“ უმასპინძლა. ტელეკომპანია ბასკეთის მხარეში მაუწყებლობს და ასიათასობით მაყურებელი ჰყავს. ტელეკომპანიის პოპულარული გადაცემის „Vascos por el mundo“ ჯგუფის წევრებმა თბილისის, მცხეთის, უფლისციხის, დმანისის, სტეფანწმინდის, ანანურისა და სიღნაღის ტურისტულად საინტერესო ადგილები გადაიღეს. გადაცემის ჟურნალისტები ანსამბლ რუსთავის რეპეტიციას დაესწრნენ.
პრესტურის ფარგლებში ესპანელმა ჟურნალისტებმა ცხენებით ჯირითსა და ჯომარდობაში მიიღეს მონაწილეობა. მედიის წარმომადგენლებისათვის გაიმართა ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერკლასები.
საქართველოში ესპანური ტელეკომპანია ქვეყნის ტურისტული პოტენციალის, კულტურული მემკვიდრეობის, ღვინისა და კულინარიის შესახებ ამზადებს გადაცემას, რაც ხელს შეუწყობს ესპანეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდასა და ცნობადობის ამაღლებას.