„ემოციური ინტელექტი“-ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ტრენინგი კერძო სექტორისთვის
მომსახურების სფეროში ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს. ადმინისტრაციის ორგანიზებით ცნობილი საერთაშორისო ტრენერი მონიკა ქუეროლი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის, სასტუმროების, კვების ობიექტების თანამშრომლებისთვის 5 დღიან გადამზადების კურსს მართავს.
ტრენინგის ფარგლებში სტუმარმასპინძლობის სფეროს 100 წარმომადგენელი გადამზადდება.
„დღეს ტურიზმის სექტორი ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, მაღალი კონკურენციის პირობებში მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება საერთაშორისო ტურისტებისთვის.ამ ფონზე ჩვენი ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი. ამჟამად ჩვენ ვმასპინძლობთ საერთაშორისო ტრენერს დიდი ბრიტანეთიდან, რომელიც სექტორის წარმომადგენლებს სთავაზობს ტრენინგს „ემოციური ინტელექტი“. 100 მსმენელს აქვს საშუალება გაიაროს ეს ტრენინგ-კურსი. შესაბამისად ეს კერძო სექტორის წარმომადგენლებს დაეხმარებათ ხარისხიანი და ევროპული სტანდარტის მომსახურების შეთავაზებაში ჩვენი სტუმრებისთვის“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
„ძალიან მოხარული, რომ საშუალება მაქვს საქართველოდი გავუძღვე ემოციური ინტელექტის ტრენინგს. ეს ეხმარება პროდუქტიულობის, თანამშრომლობის, უკეთესი გუნდური მუშაობისა და ბიზნეს აქტივობის გაზრდას. ტრენინგი ეხმარება ყველას, მათ შორის მომსახურების სფეროს წარმომადგენლებს. ჩვენ გვყავს კლიენტები, მომხმარებლები, მომწოდებლები და კოლეგები და თუ ეს კონცეფცია მუშაობს, მაშინ თქვენ გაქვთ უკეთესი მომსახურება სტუმარმასპინძლობის სფეროში“,-აცხადებს ტრენერი მონიკა ქუეროლი.
ტრენინგის კურსის „ემოციური ინტელექტი“ ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლები სწრაფად მზარდ კონკურენტულ სამუშაო გარემოში ემოციური ინტელექტის როლს, მის ასპექტებსა და კომპეტენციებს ეცნობიან. ტრენინგი ხელსშეუწყობს დასაქმებულთა და ორგანიზაციების პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესებას, ასევე ისეთი უნარების განვითარებას როგორიცაა: გუნდური მუშაობის პრინციპები, სტრესული სიტუაციებისას ემოციების და გრძნობების მართვა, კონფლიქტის მენეჯმენტი, მოტივაციის ამაღლება და ა.შ