საქართველოსა და თურქეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა გაღრმავდება
სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული თურქეთის „საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის საბჭოში“ (DEIK) შემავალი თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და თურქეთ შორის ტურიზმის სფეროში არსებული ურთიერთობების დინამიკა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
საქართველოს მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი თინათინ ზოიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვალერიან გვალია.
11 ოქტომბერს ქალაქ სტამბოლში ტურიზმის სფეროში საქართველო- თურქეთის თანამშრომლობის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის სამთავრობო დელეგაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, რომელსაც თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე ნადირ ალფასლანი ხელმძღვანელობდა.
სამუშაო შეხვედრა თურქეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და თანაორგანიზებით გაიმართა.