Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველო ოთხ გამოფენას მასპინძლობს
პროექტს Check In Georgia-ს ფარგლებში ბოტიჩელის, კარავაჯოსა და მიქელანჯელოს შემდეგ, ამჯერად თბილისში ტიციანის, ლეონარდო და ვინჩის, რაფაელისა და სხვა დიდოსტატების ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. გამოფენა ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით საქართველოში იტალიის საელჩოსთან და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით ტარდება.
გამოფენასთან დაკავშირებით დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ერონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლმი, ვენეციის აკადემიის გალერეის წარმომადგენელმა ორნელა სალვადორმა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
აღორძინების ეპოქიდან ბაროკომდე, ვენეციური მხატვრობიდან თანამედროვე ექსპერიმენტებამდე – ოთხი ახალი გამოფენა, რომელიც მაისიდან ოქტომბრამდე გაიმართება, ქართველი მნახველისა და დედაქალაქის სტუმრების ყურადღებას მიიპყრობს.
„ტიციანი, ფერთა ოსტატი. მადონა ყრმით“ (15.05.2018 – 05.08.2018) – ნამუშევარი “ღვთისმშობელი ყრმით” (“მადონა ალბერტინი”) ტიციანის ფერწერის განუმეორებელი სტილისა და ტექნიკის უბადლო ნიმუშია. ნახატი დაცულია ვენეციის აკადემიის გალერეაში, სადაც ვენეციური ხელოვნების უმდიდრესი კოლექცია ინახება.
„რენესანსის დიდოსტატები. გრაფიკული ნამუშევრები“ (25.05.2018 – 26.08.2018) – ტურინის სამეფო ბიბლიოთეკის კუთვნილი 45 გრაფიკული ნამუშევრის შესანიშნავი გამოფენა. ნამუშევრების ავტორებს შორის არიან რენესანსის გასაოცარი პერიოდის ისეთი დიდოსტატები, როგორიცაა ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ბოტიჩელი, ბრამანტინო, სინიორელი, ვაზარი, პინტურიკიო და სხვები. გამოფენა იმართება კულტურულ ასოციაცია “მეტამორფოზისთან” თანამშრომლობით.
“Evidence. A New State of Art” (25.05.2018 – 26.08.2018) – გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის (IGAV) მიერ ჩაფიქრებული და განხორციელებული გამოფენა, რომელიც წარმოგვიდგენს თანამედროვე იტალიურ ხელოვნებას გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან დღემდე და აერთიანებს სხვადასხვა თაობის იტალიელი მხატვრების განსხვავებულ ხედვებსა და განსხვავებული გამომსახველობითი ენით შექმნილ ნამუშევრებს.
„ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო“ (03.09.2018 – 29.10.2018) – თემატური გამოფენა, რომლის მეშვეობით ამჯერად რომში გადავინაცვლებთ. გამოფენაზე წარმოდგენილი ბაროკოს უმნიშვნელოვანესი ფიგურის, ჯან ლორენცო ბერნინისა და მე-17 საუკუნის სხვა ოსტატების ნამუშევრები დაცულია რომის მახლობლად მდებარე „პალაცო კიჯი ინ არიჩაში” განთავსებულ რომაული ბაროკოს მუზეუმში, რომელიც საერთაშორისო ავტორიტეტის მქონეა იტალიური და, განსაკუთრებით, რომაული ბაროკოს შესწავლის კუთხით.
“იტალიური ხელოვნება საქართველოში” იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ამ ინიციატივას მხარს უჭერს: იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო და პროგრამა “VivereALL’italiana”, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს მთავრობის პროექტი Check-in-Georgia. მნიშვნელოვანია სპონსორების წვლილიც, რომელთა შორიაა: DBA, Salini Impregilo, ვითიბი ბანკი, Leonardo, Gulf, Anas.
საქართველო წელს უკვე მესამედ მასპინძლობს Check in Georgia-ს პროექტს, რომელიც ამ მცირე პერიოდის განმავლობაში წარმატებულ ბრენდად ჩამოყალიბდა.
ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც წინა წლებთან შედარებით, ბევრად უფრო დაიხვეწა და მრავალფეროვანი გახდა.
წლევანდელი Check in Georgia საქართველო თითქის ყველა რეგიონს მოიცავს. სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს ყველა კუთხე უმასპინძლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონების გამოცოცხლების მხრივ. ეს იქნება კონცერტებისა და ღონისძიებების სერია,რომლის ძირითადი ამოცანაა, გაზარდოს საქართველოს ცნობადობა, ჩვენი ქვეყანა რეგიონის კულტურულ ცენტრად აქციოს და გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკა.