Check in Georgia-ს ფარგლებში მოდის კვირეული გაიმართება
თბილისის მოდის კვირეულის მე-17 სეზონი 19-დან 22 აპრილის ჩათვლით გაიმართება. 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის კოლექციების ჩვენებებს, “შოუ რუმს” და სხვა ღონისძიებებს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი უმასპინძლებს.
მოდის კვირეული Check in Georgia-ს ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ტარდება. კვირეულის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და თბილისის მერია.
თბილისის მოდის კვირეულთან დაკავშირებით სასტუმრო “მუზეუმში” პრესკონფერენცია გაიმართა. ორგანიზატორებთან ერთად საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გააცნო.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით თბილისის მოდის კვირეულს ამ სეზონზე 20-ზე მეტი საერთაშორისო გამოცემა გააშუქებს, რომელთა შორისაა Vogue Italia, Vogue UK, Vogue Russia, Vogue Ukraine, Vogue Poland, Style Sight Worldwide, Buro 24/7, L’officiel Ukraine, Harper’s Bazaar Kazakhstan – Ukraine and Russia, NOWFASHION, Glamour Italy and Netherlands, WWD, WhoWhatWear, Trendspace, Esquire Italy, Oyster magazine, StreeTrends, SNC magazine, Refinery 29, Frankie & Clo. რაც შეეხება კვირეულის კომერციულ ნაწილს, ამ სეზონზეც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით რამდენიმე მნიშვნელოვანი მყიდველი/ბაიერი ჩამოვა თბილისში და ქართველ დიზაინერებს მიეცემათ შანსი რომ საერთაშორისო გაყიდვები აწარმოონ ისეთ პარტნიორებთან როგორებიცაა H Lorenzo (LA, USA), ALDUCA D’AOSTA (VENEZIA, Italy), TOMORROW SHOWROOM (MILAN, PARIS, LONDON, NEW YORK), Mytheresa.com (Germany), Espacemonochrome.com (Monaco), Bangkok department store, Saks Fifth Avenue (Kazakhstan), Youconcept London (UK).