საქართველო ITB Berlin 2023-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება
2023 წელს საქართველოს ITB Berlin-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა უდიდესი შესაძლებლობაა მთელ მსოფლიოში ქვეყნის ტურისტული მიმართულების წარდგენის.
მასპინძელი ქვეყნის სტატუსით საქართველოს საშუალება ეძლევა ტურისტული პროდუქტები გააცნოს გამოფენის 200 ათას ვიზიტორს, მათ შორის 100 ათას ბიზნეს-ვიზიტორს და გამოფენის მრავალ მილიონიან სატელევიზიო მაყურებელს.
საქართველო საერთაშორისო მედია კამპანიებში იქნება ჩართული, რაც ონლაინ, სატელევიზიო, რადიო და ბეჭდურ მედიას მოიცავს.
ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი სამოგზაურო სავაჭრო გამოფენაა. კოვიდ პანდემიამდე ყოველწლიურად გამოფენაზე 181 ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 160 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 113,500 ბიზნეს ვიზიტორი სტუმრობდა.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს აქტიური მარკეტინგული კამპანიები გამართა . მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედია პლატფორმის Bloomberg გამოყენებით მასშტაბური კამპანია ჩაატარა. პროექტის ფარგლებში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ორი ვიდეორგოლი და სამი სტატია მომზადდა, რომელიც Bloomberg -ის გვერდსა და სოციალურ ქსელებში განთავსდა. (Facebook, Twitter, Instagram).
კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ სარეკლამო ვიდეო რგოლებსა და სტატიებს 6 მილიონზე მეტი ინტერნეტ მომხმარებელი გაეცნო დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქუვეითში, ბაჰრეინში, კატარში, ომანსა და ისრაელში.
Bloomberg-თან თანამშრომლობის პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტიური მარკეტინგული კამპანია გაიმართა ბალტიისპირეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში, სადაც სოციალური ქსელების, ციფრული და ბეჭდური მედიის, ტელევიზიისა და რადიოს, გარე ბანერებისა და ინფლუენსერების გამოყენებით საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კამპანიის ფარგლებში საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის Eurowings მგზავრები საბორტო ჟურნალში გაეცნენ.
მარკეტინგული კამპანიის პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წელს მსოფლიოში უდიდეს 12 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში მონაწილეობდა. საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ დუბაის, თელ-ავივის, ლონდონის, ვარშავის, ბირმინგემის, ბრნოს, ტემპერის, პარიზის, მადრიდის, ბარსელონასა და ბერლინის ორ გამოფენაზე.