Bloomberg travel-სა და Conde Nast-ის ჟურნალისტი: -„მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავად საქართველო იდეალური ადგილია“
გაეროს მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გავლენიანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის პრესტურს ატარებს. საქართველოში იმყოფება Bloomberg travel-სა და Conde Nast-ის ჟურნალისტი ლებავიტ ლილი გირმა.
”საქართველოთი სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. ეს ქვეყანა საკმაოდ განსხვავებულია დასავლეთ ევროპისგან. დედაქალაქში „ანდერგრაუნდის“ აურა იგრძნობა. საქართველო გამოირჩევა ისეთი ისტორიული ელემენტებით, რომლებიც უშუალოდ ჩამოსვლის მერე შეიგრძნობა. ათასწლოვანი ისტორიიდან შეუძლებელია არ გამოვარჩიოთ რელიგია, ქრისტიანობა. ეს ფაქტი ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა, ვინაიდან წარმოშობით ეთიოპიიდან ვარ და ჩვენც ქრისტიანობის მიმდევრები ვართ. ამასთანავე, ბევრი მსმენია მეღვინეობის რეგიონებზე და მოხარული ვარ, რომ მათი ნახვის და შეცნობის საშუალება ადგილზე მომეცემა, ერთი სული მაქვს უკან დაბრუნების შემდეგ გარშემომყოფებს გავუზიარო ყველა აქ გადაღებული ფოტო და გადამხდარი ამბავი“,-აცხადებს ლებავიტ ლილი გირმა.
Bloomberg travel-სა და Conde Nast-ის ჟურნალისტი საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის აღნიშვნის მნიშვნელობაზე საუბრობს.
„საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს აღნიშნავს და ჩვენი აქ ყოფნის მიზეზიც სწორედ ეს მოვლენაა. მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში აღნიშვნის გადაწყვეტილება შესანიშნავია, რადგან საქართველო ამ ღონისძიებისთვის იდეალური დანიშნულების ადგილია. საქართველო უდიდეს პოტენციალს ავლენს, ამის შესახებ კი უფრო მეტს მომდევნო დღეებში შევიტყობ“,-ამბობს ლებავიტ ლილი გირმა.
27 სექტემბერს, საქართველო გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, პირველად მასპინძლობს მსოფლიო ტურიზმის დღეს. წლევანდელი თემატიკაა „ტურიზმი და მშვიდობა“.