Bloomberg -ადრენალინის მოყვარულთათვის საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სამოგზაურო ადგილია
Bloomberg-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია გრძელდება. საერთაშორისო მედია პლატფორმა Bloomberg საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ახალ ვიდეო რგოლს და სტატიას ავრცელებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Bloomberg-ის მორიგი 3 წუთიანი ვიდეორგოლი და სტატია სათავგადასავლო ტურიზმს, ლაშქრობასა და სამთო კურორტებს დაეთმო.
„ვინც საქართველოს სტუმრობდა ან ჯერ კიდევ არ გამგზავრებულა უკვე იცის ამ ქვეყნისთვის დამახასიათებელი ნიშნები: თავბრუდამხვევი მთების მოპირდაპირე მხარეს მდებარე უძველესი მონასტრები, თბილისის კულტურისა და არქიტექტურული სტილის საოცარი ნაზავი, ღვინის ფესტივალები და შავი ზღვის სანაპირო“,-წერს Blooomberg. ვიდეორგოლში სამთო გიდის ნიკა ფალიანის ინტერვიუს მოსმენა შეიძლება.
„სიამაყეს ვგრძნობ, როდესაც ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ. სტუმრებს განსაკუთრებულ ადგილებს ვაჩვენებ. ვიზიტორები საიდუმლოებების სიღრმეებში მოგზაურობენ, იკვლევენ უცნობ ადგილებს, ეს მათთვის ძალიან საინტერესოა. მე თვითონ აღმოვაჩინე ბევრი ადგილი, სადაც მანამდე ნამყოფი არ ვიყავი“,-ამბობს ნიკა ფალიანი ინტერვიუში.
ვიდეორგოლსა და სტატიაში კავკასიონის მთები, მყინვარწვერი, სტეფანწმინდა და გერგეტის სამებაა წარმოდგენილი.
Blooomberg განსაკუთრებულ ყურადღებას სამთო კურორტებს უთმობს.
„საქართველოში სათხილამურო სპორტი დიდი ტემპით წინ მიდის. 2023 წელს ბაკურიანი სნოუბორდის, ფრისტაილისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. გასულ ზამთარს 2021–22 წლების სნოუბორდის მსოფლიო თასის შეჯიბრი გაიმართა. აქ სათხილამურო ტრასებზე სრიალი უფრო იაფია ვიდრე ალპებში“,- ვკითხულობთ Blooomberg-ის სტატიაში.
„სვანეთი ლაშქრობის სამოთხეა. ეს ფაქტობრივად ორი რეგიონია, ქვემო და ზემო სვანეთი. ქვემო სვანეთი საოცარ მოგზაურობას გთავაზობთ მდინარის ხეობებში, მდელოებსა და ბორცვებზე. ზემო სვანეთი კი მაღალი მწვერვალებით, მყინვარებითა და მონასტრებით გამოირჩევა. სვანეთში ტურისტული სეზონი მთელი წელი გრძელდება. რეგიონი შესანიშნავი თხილამურო კურორტებით ჰაწვალითა და თეთნულდით ცნობილია.“-წერს Blooomberg.
სტატია და ვიდეორგოლი ქუთაისს, იმერეთის ტურისტულ მიმართულებას, ჩანჩქერებს, კანიონინგს და ჯომარდობას ეთმობა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Bloomberg-მა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ორი ვიდეორგოლ მოამზადა. კამპანიის ფარგლებში სამი სტატია ვრცელდება.
კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ სარეკლამო ვიდეო რგოლებსა და სტატიებს ჯამში 6 მილიონზე მეტი მაყურებელი და მკითხველი ეყოლება მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე: დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქუვეითში, ბაჰრეინში, კატარში, ომანსა და ისრაელში. კამპანია ხელს შეუწყობს საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვას.