საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანია გერმანიის 5 ქალაქში
გერმანიიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
გერმანიის ერთ-ერთ უდიდეს მარკეტინგულ და PR სააგენტოსთან KPRN Network GmbH
თანამშრომლობით ფრანკფურტში, დიუსელდორფში, ჰამბურგში, მიუნხენსა და ბერლინში, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციები ტარდება.
ღონისძიებები უკვე გაიმართა ფრანკფურტსა და დიუსელდორფში, რომელსაც გერმანიის უმსხვილესი ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციის ფარგლებში სტუმრები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, საზღვაო, სამთო და გამაჯანსაღებელი კურორტებს, დაცულ ტერიტორიებს, კულტურას, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს გაეცნენ.
ღონისძიებებზე ნაჩვენები იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვიდეო რგოლი „სტუმარი“, თითოეულ პრეზენტაციას ჯამში 70 ტუროპერატორი და მედიის წარმომადგენელი ესწრება.
ღონისძიებების ფარგლებში გერმანულ ტურისტულ კომპანიებთან საქმიანი შეხვედრები ტარდება სამომავლო თანამშრომლობის მიზნით. ტუროპერატორები განსაკუთრებით დაინტერესდნენ საქართველოს ეკოტურისტული პოტენციალითა და კურორტებით.
გერმანიის 5 ქალაქში მიმდინარე პრეზენტაციებზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად კურორტების განვითარების სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და გერმანიაში საქართველოს საელჩოა წარმოდგენილი. ფრანკფურტში გამართულ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს საკონსულო. მომდევნო პრეზენტაციები ჰამბურგში, მიუნხენსა და ბერლინში გაიმართება.