“ბრავო რექორდსის” ორგანიზებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით საქართველოში საცეკვაო ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი GlobalGathering გაიმართება.
ფესტივალი 11 სექტემბერს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე მოეწყობა. დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ისაუბრეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, “ბრავო რექორდსის” პრეზიდენტმა ზაზა შენგელიამ, ქვემო ქართლის გუბერნატომა პაატა ხიზანიშვილმა, რუსთავის ვიცე-მერმა ნოდარ შეროზიამ, ახალგაზრდობის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელმა სალომე ბენდიაშვილმა, ფესტივალის დირექტორმა მაია ბიჭიკაშვილმა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, დაგეგმილი ღონისძიება პირველი ლიცენზირებული საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც საქართველოში ტარდება.
მათივე ინფორმაციით, ფესტივალის მთავარი ჰედლაინერი არის მუსიკალური პრემია GRAMMY-ის მფლობელი, MTV-ის მუსიკალური დაჯილდოების 10-გზის გამარჯვებული, მსოფლიოს ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი დამაარსებელი FATBOY SLIM.
ზაზა შენგელიას ცნობით, “ბრავო რექორდსი” ორი წელია აღნიშნული ფესტივალის საქართველოში ჩატარებაზე მუშაობს.
“ფესტივალი 15 წელია ტარდება და ორჯერ – 2010 და 2013 წლებში ბრიტანეთის საუკეთესო ფესტივალი გახდა. ძალიან მიხარია, რომ პირველივე ფესტივალზე ჩამოგვყავს დიჯეი, რომლის “ზომის” საქართველოში ჯერ არც ერთი სხვა დიჯეი ნამყოფი არ არის. “ბრავო რექორდსი” ეცდება ეს ფესტივალი გამოიყენოს იმისთვის, რომ ჩვენი ელექტრონული მუსიკის შემქმნელები, ქართველები საერთაშორისო ფესტივალებზე გავიყვანოთ”, – აღნიშნა ზაზა შენგელიამ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის მოსაზრებით, ფესტივალი ქვეყანაში მეტი უცხოელი ტურისტის შემოსვლაში თავის წვლილს შეიტანს.
“მოხარული ვართ, რომ საქართველოში ჩატარდება პირველი ლიცენზირებული საერთაშორისო ფესტივალი. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ცნობილ ფესტივალთან და ცნობილ შემსრულებლებთან ერთად, ახალი ეპოქა დაიწყება, როდესაც საერთაშორისო ლიცენზირებული მუსიკალური ფესტივალები ჩატარდება. ძალიან გვიხარია, რომ ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება”, – აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.
ქვემო ქართლის გუბერნატომა პაატა ხიზანაშვილმა მადლობა გადაუხადა “ბრავო რექორდსს”, რომ ფესტივალის მასპინძლად ქვემო ქართლი, რუსთავი შეარჩია. მისივე თქმით, ქვემო ქართლის ადმინისტრაცია ეცდება, რომ ფესტივალი მაღალ დონეზე ჩატარდეს.
რუსთავის ვიცე-მერ ნოდარ შეროზიას განცხადებით, პროექტი გუბერნატორისა და რუსთავის მერის მიერ მხარდაჭერილია. მისივე თქმით, ფესტივალი კარგი საჩუქარია ქალაქის ახალგაზრდებისთვის და არა მარტო მათთვის და ფესტივალის ღირსეულად მასპინძლობისთვის ყველაფერი კეთდება.
“ახალგაზრდობის საერთაშორისო ცენტრის” წარმომადგენლის, სალომე ბენდიაშვილის თქმით, ცენტრი ეცდება, რომ თითოეულმა სტუმარმა, მაქსიმალური სიამოვნება და შთაბეჭდილება მიიღოს. ფესტივალის დირექტორის მაია ბიჭიკაშვილის განცხადებით კი, ფესტივალი სანახაობრივად გამორჩეული იქნება.
“ბრავო რექორდსის” ინფორმაციით, GlobalGathering საქართველო 2015 გამორჩეული იქნება სხვადასხვა ტიპის შოუს ელემენტებით, გასართობი წარმოდგენებითა და სახალისო აქტივობებით, რომელთა განხორციელებასაც უზრუნველყოფს “ახალგაზრდობის საერთაშორისო ცენტრი”. ფესტივალი ხორციელდება საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტისა და ქვემო ქართლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით.
ინფორმაცია ფესტივალის შესახებ ხელმისაწვდომი იქნება ვებ-გვერდზე: http://globalgathering.ge ასევე Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GlobalGatheringGeorgia
ბილეთების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე: www.eventer.ge
ფესტივალზე დასწრება უფასო იქნება, თუმცა მოსაწვევების რაოდენობა შეზღუდულია. მოსაწვევების გაცემის წესზე დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.