ტაქსის მძღოლებისათვის ინგლისური ენისა და მომსახურების უნარ-ჩვევების შემსწავლელი უფასო კურსები დასრულდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტაქსის მძღოლებისათვის უფასო კურსებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ატარებდა. ტრენინგები თბილისში, მცხეთასა და სტეფანწმინდაში გაიმართა. პროექტის ამ ეტაპზე 50 მსურველი შეირჩა. კურსის დასრულების შემდეგ ტაქსის მძღოლებმა ტესტირება გაიარეს. კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერთიფიკატი დასამაგრებელი ნიშანი, წარწერით English Speaking Taxi გადაეცათ, რომელიც ავტომობილის საქარე მინაზე განთავსდება. სპეციალური ნიშანი ტურისტებისთვის ადვილად საცნობი იქნება.
სასწავლო კურსის დასახელება: „ტურიზმის სფეროს საბაზისო ინგლისური ენის ცოდნა და მომსახურებების უნარ-ჩვევების ტრენინგი“
კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთვარებულმა ინგლისურ ენაზე უნდა შეძლოს:
• სტუმრის მისალმება, დახვედრა და გაცილება მომსახურების სფეროს წესების დაცვით;
• სტუმრისათვის მიმართულებების ახსნა თბილისის ფარგლებში, რუკაზე მიმართულებების ჩვენება და მიმართულებებისათვის საჭირო დროისა და საფასურის სწორად ახსნა;
• მგზავრობის წესებისა და ტარიფების სიზუსტით ახსნა, ბარგთან დაკავშირებულ და სხვა მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემა;
• სერვისზე ზრდილობიანად უარის თქმა, თუ ეს მოთხოვნა მის შესაძლებელობებს აღემატება;
• სტუმართან ამინდსა და სხვა მარტივ სასაუბრო თემებზე პასუხის გაცემა.
სასწავლო კურსი ჯამში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 36 საათს და გადანაწილდეს ადმინისტრაციასთან შეთანხმებით არანაკლებ 4 კვირაზე.