საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით საერთაშორისო ბლოგერებისა და ინფლუენსერებისათვის 10 დღიანი ტური დაიწყო.
პროექტის ფარგლებში „ციფრული დღეები საქართველოში“ ამერიკული პლატფორმა Steller-ის საშუალებით, Facebook-ის, Instagram-ის, Youtube-ისა და სხვა სოციალური ქსელების პოპულარულმა 18 ბლოგერმა და ინფლუენსერმა ძველი თბილისი, მცხეთა, ჯვრის მონასტერი მოინახულეს.
შატო მუხრანში მსოფლიოში ცნობილი ინფლუენსერები და ბლოგერებისათის მიღება გაიმართა. ღონისძიებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, USAID-ის მისიის დირექტორი საქართველოში პიტერ ვიბლერი და პლატფორმა Steller-ის წარმომადგენელი რიჩარდ ბენგი დაესწრნენ.
„ჩვენ ვართ ეტაპზე, როცა ტურიზმის სექტორის აღდგენა და საერთაშორისო ვიზიტორთა მიღება დაწყებულია. 1 ივნისიდან უკვე სახმელეთო საზღვრები იხსნება და სრულად ვაქცინირებულ, ასევე PCR ტესტის მქონე მოგზაურებს საქართველოში ჩამოსვლა და სხვადასხვა ტურისტული პროდუქტების გაცნობა შეეძლებათ. შესაბამისად ახლა ძალიან სწორი დროა არის აქტიური მარკეტინგული კამპანია ჩავატაროთ საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე, რომ ქვეყნის როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების პოზიციონირებასთან ერთად მოვახდინოთ ისეთი ტურისტული პროდუქტების რეკლამირება, როგორიც არის: სათავგადასავლო, აგრო, ეკო, გამაჯანსაღებელი ტურიზმი, რაც პოპულარულია პანდემიისა და პოსტპანდემიურ პერიოდში.
ჩვენ ვმასპინძლობთ უმსხვილესი პლატფორმა Stellar-ის, სხვადასხვა სოციალური ქსელების 18 ინფლუენსერს, რაც უნიკალური შესაძლებლობა არის საქართველოსთვის, რადგან ეს ადამიანები უშუალოდ ტურისტული პროდუქტების მომხმარებლები არიან და დღეს მთელ მსოფლიოში მათ უფრო მაღალი ნდობა აქვთ, ვიდრე რეკლამირების ტრადიციულ მეთოდებს. ეს არის ყველაზე დიდი მასშტაბის პროექტი და ჩვენ ორიენტირებული ვიქნებით მიზნობრივ ბაზრებზე, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში მოვიზიდოთ მეტი ტურისტი.“-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.
„ ჩვენ მოვიწვიეთ საქართველოში პროფესიონალები, რომლებიც ხელს უწყობენ ტურიზმის პოპულარიზაციას. ეს პროექტი რამდენიმე საკითხის გამოა მნიშვნელოვანი. პირველი, ჩვენ გვაკავშირებს ძალიან კარგი პარტნიორობა საქართველოს მთავრობასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, ტურ-ოპერატოებთან.
მეორე, ტურიზმი მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისათვის და ეს პროექტი არის საშუალება, მსოფლიომ გაიცნოს საქართველო.
USAID ამ პროექტს ჩვენი ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის საშუალებით ახორციელებს. ჩვენ ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად პროექტის თანადაფინანსებაში ვმონაწილეობთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კერძო სექტორის ჩართულობა. პროექტში მონაწილეობენ ტურ-ოპერატორები, რომლებიც მომავალში ბენეფიციარები გახდებიან.“-აცხადებს პიტერ ვიბლერი, USAID-ის მისიის დირექტორი საქართველოში.
ხვალიდან პროექტის მონაწილე ინფლუენსები და ბლოგერები გუდაურს, სტეფანწმინდას, თრუსოს ხეობას, ქუთაისს, პრომეთეს მღვიმეს, ბათუმს, მესტიას და სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილებს დაათვალიერებენ და სოციალურ ქსელებში პოპულარიზაციას გაუწევენ საქართველოს სათავგადასავლო, ეკო, კულტურულ ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს.
ბლოგერებისა და ინფლუენსერების მიმდევართა რაოდენობა სოციალურ ქსელებში რამდენიმე მილიონს აჭარბებს.
პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტების მოზიდვას და ქვეყნის ტურისტული ცნობადობის გაზრდას, როგორც აშშ-ში, ასევე ევროპისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში.