ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით “ფაბრიკაში” მსოფლიო ახალგაზრდული, ტურისტული საგანმანათლებლო მოგზაურობის კონფედერაციის პრეზენტავია გაიმართა
საქართველო მსოფლიო ახალგაზრდული, ტურისტული საგანმანათლებლო მოგზაურობის კონფედერაციის (WYSE Travel Confederation) წევრი გახდა.
კონფედერაციაში გაწევრიანება ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების დივერსიფიკაციას და უფრო მეტი ახალგაზრდა მოგზაურის მოზიდვას საქართველოში, ასევე ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების სტიმულირებას.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კონფედერაციის გენერალურმა დირექტორმა დევიდ ჩაპმენმა „ფაბრიკაში“პრეზენტაცია მოაწყო და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ღონისძიებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი დაესწრო.
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველო მსოფლიოს ახალგაზრდული, ტურისტული საგანმანათლებლო მოგზაურობის კონფედერაციის წევრი გახდა. ეს არის ახალი განაცხადი მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიაში, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ქვეყანას აქვს ამბიცია, მოიზიდოს კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო ახალგაზრდული კატეგორიის ვიზიტორი. ეს პლათფორმა ხელს შეუწყობს ქართველ ახალგაზრდებს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იმოგზაურონ გაცვლითი, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ასევე ტურისტული მიზნით.“ -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
პრეზენტაციაზე საგანმანათლებლო სექტორის, აჭარა ჯგუფის, სათავგადასავლო ტურიზმის, ეკო ტურიზმის, ტურიზმის ერონული ადმინისტრაციის საკონვენციო ბიუროსა და საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
კონფედერაციის წევრებისთვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ინფო-ტური გამართა. უცხოელმა სტუმრებმა თბილისი, მცხეთა, ანანური, სტეფანწმინდა და კახეთის რეგიონი მოინახულეს.
WYSE Travel-ში მსოფლიოს 120 ქვეყნის 450 ორგანიზაციაა გაწევრიანებული.
WYSE Travel Confederation მთავარი მიზანია ახალგაზრდა მოგზაურების პროფილის შესწავლა: მოთხოვნები, მოგზაურობის მოტივაცია, ა.შ.
პროექტი ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, განთავსების ობიექტებს, ბინებს, გაცვლით პროგრამებს, კვებას და ა.შ. იმისათვის, რომ ჰყავდეთ დამატებითი სტუდენტები, მომხმარებლები და ტურისტები.