ტურიზმის ადმინისტრაციის ვიდეორგოლმა 3 უცხოურ ფესტივალზე გაიმარჯვა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ვიდეორგოლმა სამ საერთაშორისო ტურისტულ ფესტივალში გაიმარჯვა. ზამთრის სეზონის საიმიჯო ვიდეოკლიპისათვის “Winter in Georgia” ლატვიაში რიგის ტურისტულ ფესტივალზე “RIGA TOURFILM” ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მთავარი ჯილდო გადაეცა, ხოლო ხორვატიაში ზაგრების ფესტივალზე „ZAGREB TOURFILM FESTIVAL” „სპეციალური ჯილდო“
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას „ვერცხლის ჯილდო“ გადაეცა აზერბაიჯანაში, ბაქოს საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალზე „BAKU INTERNATIONAL TOURISM FILM FESTIVAL”
ზამთრის სეზონთან დაკავშირებული მარკეტინგული კამპანიის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ სპეციალურ პრეზენტაციაზე გააცნო.
2016 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საერთაშორისო მარკეტინგული აქტივობების შედეგად საქართველოს შესახებ მომზადდა 600-მდე სტატია, ბლოგი, გადაცემა, სიუჟეტი და დოკუმენტური ფილმი. ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს ეწვია 486 უცხოელი ჟურნალისტი და 256 ოპერატორი. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მონაწილეობა მიიღო 15 საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენაში. ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ინტერნეტმარკეტინგული კამპანია ტარდება 12 ქვეყანაში, ხოლო ზაფხულისა და შემოდგომის სეზონთან დაკავშირებით 16 ქვეყანაში. ფართომასშტაბიანი კამპანია იმართება მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს სამოგზაურო პორტალზე tripadvisor. ზამთრის სეზონთან დაკავშირებით სატელევიზიო რეკლამები გადის უკრაინის, ბელარუსის, ყაზახეთისა და რუსეთის ტელეკოპანიების ეთერში.“