2021 წელს განხორციელებული პროექტებისა და აქტივობების შესახებ მოკლე ანგარიში
გილოცავთ 2022 წელს!
გვჯერა, ეს წელი იქნება ტურიზმის სფეროს წინსვლისა და განვითარების!
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ 2021 წელს განხორციელებული პროექტებისა და აქტივობების შესახებ მოკლე ანგარიში:
- 2021 წელს კარანტინისა და კოვიდ სასტუმროების პროექტში 260-მდე განთავსების ობიექტი იყო ჩართული, დასაქმდა 4000 –მდე ადამიანი
საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც კარანტინისა და კოვიდსასტუმროების სისტემა დაინერგა. პროექტში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩართული იყო 260-ე სასტუმრომდე. საკარანტინე და კოვიდ სასტუმროებიდ პროექტის შედეგად, მსოფლიო პანდემიის დროს, დასაქმდა და სამსახური შეინარჩუნა 4 ათასზე მეტმა ადამიანმა.
Covid-19 პანდემიის შედეგად მიყენებული ზარალის დასაბალანსებლად და ტურიზმის სექტორის სწრაფად და უსაფრთხოდ აღდგენის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2020 წლის მარტიდან ჩართულია საკარანტინო სივრცეების მართვის პროცესში. პროცესი მოიცავს საკარანტინე, კოვიდ და ცხელების სასტუმროების მობილიზებას და მათ მართვას ქვეყნის მასშტაბით. 2020 წლის მარტიდან დღემდე კარანტინისა და კოვიდ სასტუმროების პროექტის ფარგლებში მომსახურება მიიღო დაახლოებით 186 ათასმა ადამიანმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინიტსრაცია ახორციელებს ყველა სასაზღვრო პუნქტიდან (აეროპორტები, პორტები, სასაზღვრო გამშვები პუნქტები) მგზავრების გადაყვანას საკარანტინე სივრცეებში. ასევე ხდება მოქალაქეების ტრასნპორტირება, როგორც კლინიკიდან – კოვიდ სასტუმროში, ასევე პირიქით – კოვიდ სასტუმროდან – კლინიკაში.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორის მხარდასაჭერად საგანგებოდ შეიმუშავა ადაპტირებული რეგულაციები :
- ბიზნესის წარმომადგენლებთან, ჯანდაცვის სამინისტროსა და ბიზნეს ომბუდსმენთან მჭიდრო თანამშრომლობითა და აქტიური კომუნიკაციით, განთავსების ობიექტების, გიდების, ტურისტული ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებისათვის შემუშავდა რეკომენდაციები.
- Covid-19 ადაპტირებული რეგულაციების სწრაფად დანერგვის ხელშეწყობის მიზნით მასშტაბური გადამზადების პროგრამის ფარგლებში, გადამზადდა ტურიზმის ინდუსტრიის 1,280 წარმომადგენელი.
- The Guardian, CNN, Forbes, Le Figaro – საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ბაზარზე ქვეყნის პოპულარიზაციისა და ტურისტული პროდუქტის პოზიციონირების მიზნით, მასშტაბურ პროექტებს განაგრძობს. ადმინისტრაციის ორგანიზებით, ტურიზმის აღდგენის გეგმის მიხედვით, 2021 წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 28 საერთაშორისო პრეს და გაცნობითი ტური მოეწყო. საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოპულარული უცხოური მედიის 150-ზე მეტი წარმომადგენელი ეწვია.
პრეს-ტურებში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ესტონეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და სხვა ქვეყნების ცნობილი ჟურნალისტები, ბლოგერები, ფოტოგრაფები და რედაქტორები მონაწილეობდნენ. გაიმართა 6 საერთაშორისო გაცნობითი ტური 60 ადამიანის შემადგენლობით.
2021 წელს საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მომზადდა 20-ზე მეტი სტატია, ისეთ გამოცემებში, როგორიცაა The Guardian, CNN, Calvert Journal, Forbes, Business Traveller, Le Figaro, The Daily Beast სიუჟეტები, 10-მდე სიუჟეტი France5, Arte, Estonia TV3, BBC.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2021 წელს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი განახორციელა – სამოგზაურო პლატფორმა “Steller“-თან ერთად პროექტი „ციფრული დღეები საქართველოში“ გაიმართა. მასშტაბურ პროექტში Facebook-ის, Instagram-ის, TikTok-ის, Youtube-ისა და სხვა სოციალური ქსელების მსოფლიოში ცნობილი 18 ინფლუენსერი მონაწილეობდა. პროექტის შედეგებმა 7.5 მილიონ მომხმარებლამდე მიაღწია და 3.5 მილიონი ე.წ “Impression“ მოიპოვა.
- ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტიური მარკეტინგული კამპანიები მიზნობრივ ბაზრებზე
მსოფლიოში პანდემიის არსებობის პერიოდში, საერთაშორისო ბაზრებიდან მოგზაურთა ნაკადების გაზრდის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის ცნობადობისა და ტურისტულად მიმზიდველი ადგილების პოპულარიზაციის მიზნით აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს განაგრძობს.
2021 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში ITB Berlin-ში მიიღო მონაწილეობა, სადაც საქართველო გამოფენის პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგა სათავგადასავლო და მდგრადი ტურიზმის მიმართულებით. მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა FITUR-ზე კი საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი. ორივე გამოფენაზე საქართველო სპეციალური სტატუსით მონაწილეობდა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ცნობადობის ამაღლების, ქვეყნის იმიჯის განმტკიცებისა და ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციისათვის საერთაშორისო ბაზარზე.
ტურიზმის ადმინისტრაციამ წელს მონაწილეობა მიიღო ATM Dubai, გასტრონომიული გამოფენა Bocus D’Or, Sirha, IBTM Barcelona, IBTM World, WTM London.
2021 წელს ადმინისტრაციამ საერთაშორისო პლატფორმა, Culture Trip-ზე მასშტაბური მარკეტინგული კამპანია განახორციელა. Culture Trip-ზე ქვეყნის პოპულარიზაციის მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სათავგადასავლო, ეკო და აგრო ტურიზმს, ღვინოს და გასტრონომიას. კამპანიის ფარგლებში სოციალურ ქსელებში (FB, Instagram; Twitter) საქართველოს საიმიჯო ფოტო მასალა განთავსდა, მომზადდა 9 სტატია, სოციალურ ქსელებში ე.წ. ჩვენების (Impressens ) რაოდენობამ 5,590,000 შეადგინა.
განხორციელდა ინტეგრირებული სარეკლამო კამპანია CNN-ის საერთაშორისო პლატფორმაზე; მარკეტინგული კამპანია წამყვან დასაჯავშნ პლატფორმებზე Expedia.com, Wego.com; სარეკლამო კამპანიები National Gegraphic-ის და Conde Nast-ის საერთაშორისო პლატფორმებზე.
მარკეტინგული კამპანიები ხორციელდება საქართველოსთვის მიზნობრივ ქვეყნებში: გერმანია, ბალტიისპირეთი, ისრაელი, ესპანეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, აშშ, პოლონეთი, საუდის არაბეთი, დიდი ბრიტანეთი.
ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მიზნით, ავიაკომპანიებთან თანამშრომლობით ჩატარდა პრეზენტაციები მიზნობრივ ქვეყნებში: უკრაინა, ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები.
- ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტიური კამპანიები შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით
შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტებული მიმართულებაა. პანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს სფეროს განვითარების და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, არაერთი პროექტი განახორციელა.
ინფო-ტურების პროექტით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა თუ შემომყვან ტურისტულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტურისტულად უცნობ ადგილებს, ტურისტულ პროდუქტებს, მარშრუტებსა და ობიექტებს, რომელსაც ტურისტული კომპანიები მომავალ ტურებში შეიყვანენ და როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მოგზაურებს შესთავაზებენ.
ინფო-ტურების პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კულინარიულ ტურებს განაგრძობს. პროექტის მიზანი გასტრო – ტურიზმის ხელშეწყობა და სხვადასხვა რეგიონის კულინარიული შესაძლებლობების პოპულარიზაცია, უნიკალური და ავთენტური სამზარეულოს ცნობადობის გაზრდა და შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.
საქართველოს ტურისტულად საინტერესო ნაკლებად ცნობადი ადგილების პოპულარიზაციის მიზნით გრძელდება პრეს-ტურები მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროექტში ქართველი ჟურნალისტები, ბლოგერები, ფოტოგრაფები და ოპერატორები მონაწილეობენ.
2021 წლის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა ქართველი ჟურნალისტების 12 პრეს-ტური (137 მედია წარმომადგენელი), 10 გაცნობითი ტური ტუროპერატორებისათვის (180 მონაწილე) და ასევე 4 გასტროტური – (96 მონაწილე). პრეს-ტურების შედეგად მომზადდა 50-ზე მეტი სიუჟეტი. სათავგადასავლო ტურიზმის პოტენციალის წარმოსაჩენად მომზადდა შიდა ქართლისა და რაჭის 2 ვიდეორგოლი.
- ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ეკო ტურიზმის 10 წლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა
პანდემიის მიუხედავად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით მცირე -ინფრასტრუქტურულ პროექტებს განაგრძობს.
2021 წელს გაფართოვდა „ღვინის გზის“ პროექტში მონაწილეთა არეალი – პროექტს 48 ახალი ღვინის მასპინძელი ობიექტი შეემატა. მთელი ქვეყნის მასშტაბით “ღვინის გზის” პროექტში 320 მასპინძელი ობიექტია გაერთიანებული. 2022 წლისთვის მომზადდა 30 ახალი მარნის პროექტიც.
ატენის ხეობაში მოეწყო საპიკნიკე ინფრასტუქტურა, რომელიც მოემსახურება ორგანიზებულ ტურისტულ ნაკადს. ასევე გორში ციხის ფონზე, ლომჭაბუკის სკვერში განთავსდა სასურათე ჩარჩო.
ადმინისტრაციამ წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში 7 სალაშქრო ბილიკი მონიშნა, ბილიკების ჯამური სიგრძე 105 კმ-ს შეადგენს.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კონკურენტუნარიანი და უსაფრთხო ტურისტული პროდუქტის ფორმირების მიზნით, ეკო ტურიზმის 10 წლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. დონორი ორგანიზაციის (GIZ) დახმარებით მომზადდა 2 ეკოტურისტული ბილიკის ინტერპრეტირებული პროექტი განახლებული ასურეთისა და ბოლნისის ტერიტორიისთვის.
- 2021 წელს მომსახურების სფეროს 2000-მდე წარმომადგენელი გადამზადდა
პანდემიის პერიოდში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის გადამზადების პროგრამებს აქტიურად აგრძელებს. 2021 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსების, კვების ობიექტებისა და აგროტურიზმის სფეროს 2000-მდე წარმომადგენელი გადამზადდა.
პანდემიის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების დაძლევაში, კერძო სექტორის მხარდაჭერისა და ქვეყანაში მომსახურების ხარისხის განვითარების მიზნით, მომსახურების სფეროს წარმომადგენლებმა გადამზადების კურსები გაიარეს ისეთ საკითხებში, როგორიცაა კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტების ფორმირება, უსაფრთხოება, ახალი კოვიდ რეგულაციები, ინკლუზიური ტურიზმი Covid19-ის პირობებში და სხვა.
ტრენინგებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სრულიად უსასყიდლოდ მართავს.
- 2021 წელს საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი გახდა
წელს საქართველომ, როგორც ტურისტულმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა – საქართველო არჩეულ იქნა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრ ქვეყნად. ასევე მოხდა საქართველოს კანდიდატის, ზურაბ პოლოლიკაშვილის მეორე ვადით არჩევა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან (USAID, GIZ, EU, ADA, FAO, UNDP, EBRD, WB) ინტენსიურ თანამშრომლობას, რომელიც ორიენტირებულია, როგორც ინდუსტრიის დახმარებასა და გაძლიერებაზე, ასევე მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობაზე.
2021 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის სფეროში ორმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის სხვადასხვა შეთანხმება და მემორანდუმი მოამზადა ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ისრაელი, ზამბია, კორეა, მავრიკი , ტაჯიკეთი და ჩრდილოეთ მაკედონია. ასევე ძალაში შევიდა შეთანხმება სან-მარინოთან, ხელი მოეწერა მემორანდუმს პარაგვაისთან.
- ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებინარების სერია სექტორის წარმომადგენლებისთვის
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ვებინარების სერია იმართება სახელწოდებით “კოვიდ 19-ის გავლენა ტურიზმზე – საქართველოს და მსოფლიო ტურიზმის ტენდენციები”.
2021 წელს ჩატარდა ოთხი ვებინარი ხუთი სხვადასხვა თემატიკით, რომელმაც მოიცვა ტურიზმის თითქმის ყველა ძირითადი სფერო – სასტუმროები, საავიაციო ბაზარი, ტურიზმის კვლევითი კომპანიები, ტურისტული კომპანიები, გიდები და ღვინის მარნები.
ვებინარის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ინტერაქტიურ გამოკითხვაში, სპიკერებისგან მიეღოთ ყველა აქტუალურ და საინტერესო კითხვაზე პასუხი; გასცნობოდნენ საქართველოში მიმდინარე ტურიზმის სტატისტიკას, სფეროს ექსპერტებისგან მიეღოთ რეკომენდაციები კოვიდის პირობებში ბიზნესის საქმიანობის წარმატებული მართვისთვის.
- ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები 24 საათიან რეჟიმში იღებენ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ
პანდემიურ პერიოდში ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან 25-მდე მეტი სამუშაო შეხვედრა გაიმართა – ტურისტული კომპანიების, სხვადასხვა ასოციაციების, გიდების, კვების, განთავსების ობიექტებისა და სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებთან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებულ შეხვედრებზე კორონავირუსის გავლენა ტურისტულ ინდუსტრიაზე, გიდების ნებაყოფლობითი სერტიფიცირება, ტურიზმის უსაფრთხო აღდგენის გეგმა, ნებაყოფლობითი ვაქცინაციის საკითხი და სხვა თემები განიხილებოდა.
შეხვედრების პარალელურად, 2021 წელს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები 24 საათიან რეჟიმში იღებდნენ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების, ტრენინგების, კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული პროტოკოლებისისა და რეგულაციების დაცვის შესახებ. ადმინისტრაცია აქტიურად ჩართულია საკარანტინო სასტუმროების მართვასა და მომარაგების კუთხით.
2021 წლის მიწურულს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით “Welcome to Georgia! National Tourism Awards” -ის რიგით მეშვიდე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სპეციალური ჯილდო გადაეცა საუკეთესო სასტუმროს, რესტორნის, ღვინისა და დეველოპერული კომპანიების, ტურისტული სააგენტოებისა და ტურ-ოპერატორების წარმომადგნელს.