2020 წლის იანვარში საქართველოს საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტთა რეკორდული რაოდენობა ეწვია 

 

2020 წლის იანვარში საქართველოში 633,201 საერთაშორისო  მოგზაურთა ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის იანვართან შედარებით +19.8%-ია.   საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ  523,689 შეადგინა, რაც 86,471-ით მეტია 2019 წლის  მაჩვენებელზე (ზრდა +19.8%-ია). ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 363,614 შეადგინა, რაც 57,675-ით მეტია 2019 წლის იანვართან შედარებით. (ზრდა +18.9%).

ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

 

„2020 წლის იანვარში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა კუთხით  რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და  633 ათას საერთაშორისო მოგზაურს გადააჭარბა. აღნიშნული მაჩვენებელი 19,8 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. ახალი მნიშვნელოვანი მონაცემები გვაქვს უშუალოდ ტურისტული ვიზიტების ზრდის კუთხითაც, რომელმაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 18,9%-ით გადააჭარბა.   იანვრის თვის შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის პირდაპირ უკუკავშირი იმ აქტივობებთან, რომელიც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაატარა 2019 წელს  მარკეტინგული აქტივობების თუ სხვა კუთხით საერთაშორისო არეალზე. აქედან გამომდინარე ჩვენ ერთობლივი ძალებით მივიღეთ ის შედეგი, რომელიც არის რეკორდული და ჩვენი ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი. „-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

 

რუსეთის მხრიდან საავიაციო შეზღუდვების დაწესების შემდეგ,საქართველოს მთავრობამ აქტიური სამუშაო გასწია შესაძლო ნეგატიური შედეგების მინიმუმამდე დასაყვანად, კერძოდ 2019 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიზნობრივ ბაზრებზე უმნიშვნელოვანესი მარკეტინგული აქტივობები განახორციელა.   მსოფლიოს სხვადასხვა გავლენიანი საერთაშორისო მედიასაშუალებებითა და ონლაინპლათფორმებით საქართველოს შესახებ არაერთი მასშტაბური კამპანია გაიმართა.    პარალელურად, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ  უმასპინძლა მსოფლიოში მაღალრეიტინგული მედიასაშუალებების ასობით წარმომადგენელს, შედეგად 2020 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურებისა და ტურისტების ზრდის კუთხით რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

2020 წლის იანვარის დეტალური სტატისტიკური მონაცემები ასეთია:  ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+34.9%), სომხეთიდან (+17.5%), რუსეთიდან (+1.1%)  და  თურქეთიდან (+16.6%) შედგა.

 

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან.  საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: იტალია +133.1%, პოლონეთი +82.9%, საფრანგეთი +46.8%, ლიეტუვა +43.7% და სხვა.

 2020 წლის იანვარში განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი +57.3%, საუდის არაბეთი +49.8%, ყაზახეთი +44.8%, ქუვეითი +44.6% და სხვა.

 

  ქვეყანა 2019: იანვარი 2020: იანვარი ცვლილება ცვლილება %
1 აზერბაიჯანი 92,341 124,534 32,193 34.9%
2 სომხეთი 77,968 91,580 13,612 17.5%
3 რუსეთი 85,922 86,884 962 1.1%
4 თურქეთი 64,349 75,012 10,663 16.6%
5 საქართველო (არარეზიდენტი) 44,541 50,522 5,981 13.4%
6 უკრაინა 10,453 12,799 2,346 22.4%
7 ისრაელი 7,217 11,351 4,134 57.3%
8 ირანი 8,424 9,467 1,043 12.4%
9 ყაზახეთი 3,157 4,570 1,413 44.8%
10 ინდოეთი 2,830 3,647 817 28.9%

 

ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი

წინასწარი მონაცემებით 2019 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 3.3 მილიარდ დოლარს (ზრდა +1.4%), რაც 47 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 217  მილიონ დოლარს (ზრდა +5.4%), რაც 11 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

 

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X