2014 წელს საქართველოში ტურისტების უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა
2014 წლის განმავლობაში საქართველოს 5 493 492 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,9%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს.
აქედან: 2 218 050 ტურისტული ვიზიტია, (მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 7,4%); 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობით კვლავ მეზობელი ქვეყნები ლიდერობენ. ასევე, დადებითი ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან საერთაშორისო მოგზაურების შემოდინების კუთხით. 2014 წლის მონაცემებით, კვლავ ტრადიციულად გამოირჩნენ: ლიტვა, პოლონეთი, ლატვია და დიდი ბრიტანეთი (შესაბამისად 93%, 25%, 25% და 11%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (34%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი – ბელორუსიის მოქალაქეები 48% მატებით.
2014 წლის დეკემბრის თვეში საქართველოს 433 660 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2013 წლის დეკემბრის მაჩვენებელს 10,5 %–ით აღემატება.
2014 წლის დეკემბერშიც ყველაზე მეტი საერთაშორისო მოგზაური კვლავ თურქეთიდან (+2,1%), აზერბაიჯანიდან (+17,2%), სომხეთიდან (+18,6%), რუსეთიდან (+8%)
2014 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან 1,4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1,3 მილიარდი აშშ დოლარი) 5%-ით (61 მილიონი აშშ დოლარი) აღემატება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის გასაზრდელად აქტივობები გაგრძელდება, მათ შორის ტურიზმის მცირე ინფრასტრუქტურის განვითარება, საქართველოს ცნობადობის ამაღლებს, მარკეტინგული აქტივობების იმპლემენტაცია, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ბაზრებზე, ტურისტული პროდუქტების განვითარება და სერვისის ხარისხის გასაუმჯობესებლად ტრენინგების ორგანიზება. 2015 წელს საქართველოში დაგეგმილია რამდენიმე საერთაშორისო ღონისძიების, მათ შორის: ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის და უეფას სუპერთასის მატჩის ჩატარება. რაც კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოს, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის ცნობადობას.