შეხვედრა ტურისტული ასოციაციებისა და სასტუმროების წარმომადგენლებთან
ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა ორგანიზებული ვაქცინაციის შესაძლებლობებისა და დარგის წინაშე არსებული სხვა გამოწვევებთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ისაუბრა. შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც აცხადებს, რომ ტურისტული ინდუსტრია იქნება ყველაზე მეტად უსაფრთხო და მზად არის ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული ვაქცინირებული თანამშრომლებით უმასპინძლოს საერთაშორისო ტურისტებს. ნათია თურნავას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ტურიზმის ინდუსტრიამ გამოავლინა მზადყოფნა და ბევრმა დამსწრემ, სასტუმრომ თუ რესტორანმა გაიზიარა თანამშრომლების ნებაყოფლობითი ვაქცინაციის ინიციატივა.
ტურიზმის სექტორისთვის ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილიმა.
„ ჩვენი მთავარი მიზანია, ტურიზმის სექტორი მაქსიმალურად სწრაფად აღვადგინოთ. ნებაყოფლობითი ვაქცინაცია და ტურისტული სექტორის პრიორიტეტულ ჯგუფად გამოცხადება ამ ყოველივეს წინაპირობაა. შესაბამისად, ჩვენ დღეს განვიხილავთ პროცესს, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კოორდინაციის საკითხს ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს სექტორში დასაქმებულთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია, რაც ერთი მხრივ, საშუალებას მოგვცემს საერთაშორისო ბაზარზე უსაფრთხო მოგზაურობის პოზიციონირება გავუწიოთ საქართველოს, მეორე მხრივ ხელი შევუწყოთ ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს, რომ რეკლამა გაუკეთონ თავიანთ კომპანებს, როგორც უსაფრთხო ტურისტულ ობიექტებს. ამ კომპანიების სიის ინტეგრაცია მოხდება ჩვენს ტურისტულ ვებ-პლატფორმაზე, ყველა სოციალურ ქსელში, მათ შორის მარკეტინგულ აქტივობაში, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე ვახორციელებთ.“-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.