ყაზახი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოს ყაზახეთიდან წამყვანი ტურ-ოპერატორები, ჟურნალისტები და ავიაკომპანია “SCAT” წარმომადგენლები ეწვივნენ. ავიაკომპანია SCAT ივნისიდან აქტაუ –ბათუმის მიმართულებით კვირაში ორჯერ რეისებს შეასრულებს. ინფოტურის ფარგლებში ყაზახმა ტუროპერატორებმა შეხვედრები გამართეს ქართველ კოლეგებთან. 13 კაცისგან შემდგარმა ჯგუფმა დაათვალიერა თბილისის, ქუთაისის, წყალტუბოს და ბათუმის ღირსშესანიშნაობები. ბოლო პერიოდში ყაზახი ტურისტები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან საქართველოს მიმართულებით, როგორც შავი ზღვის, ასევე სამთო–სათხილამურო და გამაჯანსაღებელი კურორტებით. აღნიშნული ტურის მიზანია ყაზახეთის ბაზარზე საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების აქტიური რეკლამირება. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, წელს ორ თვეში საქართველოს 3384 საერთაშორისო მოგზაური ეწვია ყაზახეთიდან. ზრდა 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ით მეტია.