ფოთში ტურისტული საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და ფოთის მერიის ორგანიზებით, ფოთში ტურისტული საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. შენობა კულტურისა და დასვენების პარკში მდებარეობს. საინფორმაციო ცენტრი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ გახსნეს. საქართველოს მასშტაბით, რიგით მე-18, ხოლო სამეგრელოში მე-4 საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. საინფორმაციო ცენტრში მისულ ტურისტებს საშუალება ექნებათ სამეგრელოში არსებული ტურისტული ადგილებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციას გაეცნონ, ასევე ბროშურები და რუკები მიიღონ, რაც მოგზაურებს კონკრეტული ტურების დაგეგმვაში დაეხმარებათ. საინფორმაციო ცენტრის გახსნის შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ, მალთაყვის რეკრეაციულ ზონაში, მშენებარე ბულვარი დაათვალიერეს. აქტიურად მიმდინარეობს ცენტრალური საავტომობილო გზიდან ზღვის ნაპირთან მისასვლელი გზის მშენებლობა, რომლის სიგრძე 2,70 მეტრია. მთლიანად სანაპირო ზოლზე გათვალისწინებულია გაზის, ელექტროენერგიის, წყლის, საკანალიზაციო კომუნიკაციების გაყვანა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნა.