უკრაინული ტელეკომპანია საქართველოს შესახებ 10 სიუჟეტს ამზადებს
პოპულარული უკრაინული ტელეკომპანია „1+1“ საქართველოს შესახებ სიუჟეტების ციკლს ამზადებს. ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, ტელეკომპანიის დილის გადაცემის გადამღები ჯგუფის წევრებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში იმოგზაურეს. ჟურნალისტებმა უკვე დაათვალიერეს: თბილისის, კახეთის, იმერეთის, სვანეთის, აჭარის ტურისტული ღირსშესანიშნაობები. აპრილის ბოლოს ტელეკომპანია „1+1“-ის დილის გადაცემისთვის „Сніданок“ საქართველოს შესახებ 10 სიუჟეტი მომზადდება, სადაც ძირითადი აქცენტი ზაფხულის ტურისტულ სეზონზე გაკეთდება. სიუჟეტებს მილიონობით უკრაინელი მაყურებელი იხილავს. 2015 წელს „1+1“ უკრაინულ ტელეკომპანიებს შორის რეიტინგით მეორე ადგილს იკავებდა. „1+1“-ის დილის გადამღები ჯგუფის წევრები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით რამდენიმე თვის წინაც იმყოფებოდნენ საქართველოში. ჟურნალისტებმა სიუჟეტები ზამთრის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით მოამზადეს.