ტურიზმის ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობა სრულდება
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ტურიზმის ეროვნული სტრატეგიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 50-მდე სხვადასხვა უწყების, საერთაშორისო ორგანიზაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენელი დაესწრო.
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ (GNTA) მსოფლიო ბანკის ტექნიკური და ფინანსური დახმარებით დღეს დასრულებული სახით წარადგინა ტურიზმის ეროვნული სტრატეგია, რომელიც გასული წლის განმავლობაში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან წარმოებული კონსულტაციების საფუძველზე მომზადდა.
“საქართველოს ტურიზმის ეროვნული სტრატეგია–2025“ წარმოადგენს 10–წლიან სტრატეგიულ გეგმას ქვეყნის ეკონომიკისა და მისი მოსახლეობისთვის ტურიზმის ფასეულობის და მნიშვნელობის ასამაღლებლად. ის შემუშავდა მთავრობასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მეშვეობით, დარგის მდგრადი მომგებიანობის და ზრდის უზრუნველსაყოფად და სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობების მაქსიმალურად გასაზრდელად“ – აღნიშნა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ. „2009 წლიდან 2013 წლამდე პერიოდში საქართველოში ტურიზმის ზრდის ტემპი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო მსოფლიოში: ჩამომსვლელთა მთლიანი რაოდენობა 300 პროცენტით გაიზარდა – 1.5 მილიონიდან თითქმის 5.4 მილიონამდე, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ოდნავ უფრო სწრაფი ტემპით იზრდებოდა – დაახლოებით 475 მილიონი აშშ დოლარიდან 1.8 მილიარდ აშშ დოლარამდე, რაც საშუალო გლობალურ მაჩვენებელზე 20-ჯერ უფრო მაღალია“ –აცხადებს გიორგი ჩოგოვაძე.
შეხვედრას დაესწრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი:
„მინდა აღვნიშნო, რომ მაისის თვე ტურისტების რაოდენობის გაზრდის კუთხით იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საკმაოდ წარმატებული. არაერთი აქტივობა და ღონისძიება იგეგმება ტურიზმის ხელშეწყობის კუთხით, მათ შორის მინდა ავღნიშნო მარკეტინგული კამპანიები, ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები და ა.შ. რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას, ტურიზმის განვითარების სტრატეგია მუშავდება მიზნობრივ ჯგუფებთან ერთად, ამაში გვეხმარება მსოფლიო ბანკი და ჩართულია ყველა უწყება, რომელიც ტურიზმთან არის დაკავშირებული. დღეს გვაქვს შუალედური პროექტი წარდგენა, რომელიც საბოლოო სახეს უახლოეს მომავალში მიიღებს და ჩვენ გვექნება 2025 წლამდე გაწერილი სტრატეგია, თუ კონკრეტულად რა ღონისძიებები და აქტივობები უნდა განხორციელდეს“ – განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.
“სტრატეგიის მიზანია გზამკვლევის შექმნა საქართველოს ტურიზმის სფეროს ფასეულობის, მომგებიანობის და მდგრადობის ასამაღლებლად“, – აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა ჰენრი კერალიმ, „მისი ამოცანაა ისეთი გეგმის შემუშავება და განხორციელება, რომელიც აღნიშნულ აქტივებს მსოფლიო კლასის ტურისტულ პროდუქტებად და განსაკუთრებული შთაბეჭდილებების მიღების შესაძლებლობად აქცევს, რაც მიმზიდველი იქნება უფრო მაღალი ხარჯვითი უნარის მქონე ტურისტებისთვის ევროკავშირიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან და აღმოსავლეთ აზიიდან.“
სტრატეგიის შემუშავების პროცესი, რომელიც განხორციელდა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა და მოიცავდა დიალოგს ორგანიზაციების და სპეციალისტების ფართო სპექტრთან, რომელთა შორის იყვნენ ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობების წარმომადგენლები, ტურისტული და სატრანსპორტო ოპერატორები, ინვესტორები, დაცული ტერიტორიების და კულტურული მემკვიდრეობის ცენტრების მენეჯერები, სასტუმროების მესაკუთრეები და საქართველოს საზოგადოების სხვა დაინტერესებული მხარეები.
“ეს პროცესი გამყარებული იყო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მსოფლიო ბანკის და სხვა ორგანიზაციების და კერძო პირების მიერ განხორციელებული კვლევით და ანალიზით“, – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მდგრადი განვითარების პროგრამების ხელმძღვანელმა აჰმედ ეივეიდამ. „პროცესი მოიცავდა კონსულტაციებს სახელმწიფო და კერძო სექტორის ძირითად ლიდერებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, ასევე სამუშაო შეხვედრებს დარგის პროფესიონალების ფართო სპექტრთან და მისი ძირითადი მიმართულებები იყო: ტურიზმის განვითარების წინაშე არსებული მთავარი პრობლემების იდენტიფიკაცია; მათ გადასაწყვეტად იდეების შეგროვება, დახვეწა და პრიორიტეტულობის განსაზღვრა; და სამოქმედო გეგმის შემუშავება ამ იდეების განსახორციელებლად.“
ჩამოყალიბებული „ხედვა 2025“, რომელსაც ყველა დაინტერესებული მხარე დაეთანხმა შემდეგია: „2025 წლისთვის საქართველო კარგად იქნება ცნობილი როგორც პრემიერ კლასის, ყველა სეზონის, მაღალი ხარისხის ტურისტული დანიშნულების ადგილი, გამორჩეული თავისი უნიკალური კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობით, მსოფლიო კლასის სერვისით და სტუმარ–მასპინძლობის უკვდავი ტრადიციით. ინფრასტრუქტურაში განხორციელებული სტრატეგიული ინვესტიციების, განათლების, მარკეტინგის და უნიკალური ქართული შთაბეჭდილებების შეთავაზების გზით საქართველო ტურიზმის დარგში კონკურენტუნარიანი ქვეყნების პირველ რიგებში იქნება და მსოფლიოს მასშტაბით ტურისტების ყველაზე მაღალი ხარჯვითი პოტენციალის მქონე სეგმენტს მოიზიდავს. ვიზიტორების მიერ დახარჯული თანხების ზრდის შედეგად ტურიზმის წვლილი საქართველოს ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში მნიშვნელოვნად ამაღლდება. აქცენტი გაკეთდება ჩამოსული ვიზიტორების ხარისხსა და მრავალფეროვნებაზე და არა მათ რაოდენობაზე.“