ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კურორტ საწირეში ტრენინგი გამართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კურორტ საწირის განვითარების მიზნით ტრენინგი გამართა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, სასწავლო კურსი „საოჯახო სასტუმროს მართვა“ კურორტ საწირის საოჯახო სასტუმროების თანამშრომლებს ჩაუტარდათ.
ტრენინგის მიზანი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება იყო და მოიცავდა შემდეგ თემატიკას: საოჯახო სასტუმროს სახლების ძირითადი ფუნქციები და ტურისტული შეთავაზებები, სტუმარ-მასპინძლობის სტანდარტები, კომუნიკაცია ტურისტულ ბიზნესში, საქმიანი ურთიერთობა, მოლაპარაკებების წარმოება, რეკლამა და პოპულარიზაცია, ტურისტთა კვების თავისებურებანი და მენიუს შედგენა, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ა.შ.
ტყიბულის წყალსაცავთან ახლოს ზღვის დონიდან 550 მეტრზე მდებარე გამაჯანსაღებელი კურორტი საწირე ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია საქართველოში სასუნთქი და გულსისხლძარღვთა დაავადების მქონდე ადამიანების სამკურნალოდ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის სექტორში 2 წელიწადში 1900-ზე მეტი ადამიანი გადამზადდა.