ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2015 წლის ანგარიში წარადგინა
კონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ საზოგადოებას 2015 წლის ანგარიში გააცნო. გასული წლის სტატისტიკური მონაცემები, შესრულებული პროექტები, საქართველოს ტურიზმის სტრატეგია, მარკეტინგული კამპანიები, საერთაშორისო ტურისტული გამოფენები, გაცნობითი ტურები, პუბლიკაციები, სხვადასხვა ღონისძიებები და დაგეგმილი პროექტები 42 გვერდიან ბროშურაშია მიმოხილული.
როგორც გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, 2015 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა უპრეცედენტოდ რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა – ქვეყანას 5,897,685 ვიზიტორი სტუმრობდა. 2015 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 400-მდე საერთაშორისო მედიის წარმომადგენელს და 150-მდე ტუროპერატორს უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით დაბა გუდაურსა და ბაკურიანში შეიქმნა ველოპარკები, ხოლო ტურიზმის ინდუსტრიის 1100 წარმომადგენელმა საქართველოს 15 ქალაქში გადამზადების კურსები გაიარა.
2016 წელს საქართველოში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ღვინის ტურიზმის პირველ საერთაშორისო კონფერენცია იგეგმება. წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 20-მდე მიზნობრივ ქვეყანაში მარკეტინგულ კამპანიას ჩაატარებს. ადმინისტრაცია მონაწილეობას გეგმავს 21 საერთაშორისო გამოფენაში. შიდა ტურიზმის წასახალისებლად ჩატარდება სხვადასხვა აქტივობები, გაგრძელდება პროექტი „გაიცანი საქართველო.“ იგეგმება ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრების გახსნა, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, სახელმძღვანელოების გამოცემა და სხვა აქტივობები.