საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სამოგზაურო პლატფორმაზე Expedia ზამთრის მარკეტინგულ კამპანიას ატარებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კამპანიის ფარგლებში Expedia მომხმარებელს საქართველოს ტურისტული მიმართულების, ბუნების, სათავგადასავლო ტურიზმის, ქართული სამზარეულოს და იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესული ქართული ძეგლების შესახებ ინფორმაციას აწვდის.
კამპანიის ფარგლებში Expedia-ს მომხმარებელი საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე ეცნობა.
“ საქართველო ყველა ტიპის კლიმატურ პირობებს და ბიომრავალფეროვნებას გთავაზობთ. საქართველოში უამრავი უნიკალური ადგილია შესასწავლი: კავკასიონის მაღალი მწვერვალები, სათხილამურო კურორტები, მომხიბლავი პეიზაჟები, ტროპიკული პლაჟები, ტბები, ჩანჩქერები, გამოქვაბულები, კანიონები, უდაბნოები და ა.შ. ქართული სამზარეულო კერძების მრავალფეროვნებას გთავაზობთ, რაც იდეალურად შეეხამება ყველა სახეობის დიეტას.
საქართველოში 250-ზე მეტი სახეობის ყველი, 50-ზე მეტი სახეობის ხაჭაპურია. საქართველოში მეღვინეობის ტრადიციას 8 ათას წლოვანი ისტორია აქვს. საქართველო „ღვინის აკვანია.“ ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული, საქართველოში 525 ვაზის ჯიშია.“-წერია Expedia-ს პორტალზე საქართველოს შესახებ, რომელიც საქართველოს კულტურული ძეგლების, მათ შორის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესული ძეგლების ჩამონათვალით სრულდება.
Expedia მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში 200-ზე მეტი ელექტრონული დაჯავშნის ვებგვერდს აერთიანებს. Expedia მომხმარებელს ინფორმაციას აწვდის 3 მილიონამდე ტურისტული, განთავსების ობიექტის, უძრავი ქონების, 500-ზე მეტი ავიაკომპანიის, საკრუიზო და ავტო გაქირავების კომპანიების შესახებ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ზამთრის მარკეტინგული კამპანია მსოფლიოს უდიდეს მედია და სამოგზაურო პლატფორმებს მოიცავს, როგორებიცაა: Conde Nast Traveler Global, Conde Nast Traveler Middle East, Time Out Magazine Middle East, Wego, CNN, National Geographic, Expedia, Vogue.
კამპანია მიმდინარეობს საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ისრაელში, პოლონეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, აშშ-ში. კამპანია ნოემბერში დაიწყო და იანვრის ბოლომდე გაგრძელდება.

https://www.expedia.com/lp/b/ms-b-dmo-exp-us-Georgia-21?preview=true&cache=false