ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზენტაცია აბუ-დაბიში
არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ტურისტების მოზიდვის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და აეროპორტების გაერთიანებამ აბუ-დაბიში ერთობლივი ღონისძიება გამართა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმოამდგენლებმა საამიროების 50-მდე კერძო კომპანიის წარმომადგენელს საქართველოს ტურისტული ვითარების შესახებ ინფორმაცია დეტალურად მიაწოდეს.
გაიმართა B2B შეხვედრები, სადაც ქართულმა და არაბულმა კომპანიების წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი ტურების ორგანიზების შესახებ იმსჯელეს.
აბუ-დაბიში პრეზენტაციის გამართვის შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოში მედიის წარმომადგენლებს, ბლოგერებსა და ინფლუენსერებს უმასპინძლებს.
ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლები იმერეთსა და საქართველოს სხვა რეგიონების ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნობიან.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან აბუ-დაბის მიმართულებით რეგულარული ფრენები ინიშნება. ამიტომ ახლა არის ძალიან დროული ჩვენ პოზიციონირება მოვახდინოთ ამ ტურისტულ ბაზარზე. აბუ-დაბიში გამართული პრეზენტაციაც, ზუსტად ამას ემსახურება. ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობების პოზიციონირება მოგვეხდინა და პარალელურ რეჟიმში კერძო სექტორისთვის საშუალება მიგვეცა ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან დაამყარონ სამომავლო თანამშრომლობა. შედეგად განვახორციელებთ პრეს-ტურს, იმ ჟურნალისტებისთვის რომლებიც დღეს აბუ-დაბიში გვესწრებოდნენ პრეზენტაციაზე და მათ საქართველოში გავაცნობთ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებას.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
“ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. პანდემიის შემდეგ ასეთი ტიპის პირველი ღონისძიებაა, რომელიც 2019 წლის შემდეგ გაიმართა. პრეზენტაციაზე ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანა საქართველო იყო წარმოდგენილი. ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტურისტული მიმართულებაა. დღეს საქართველოს ქალაქების, ტურისტული ადგილების შესახებ ძალიან ბევრი საინტერესო რამ შევიტყვე, სადაც ტურისტები შეძლებენ მოგზაურობას.“- აცხადებს „მასოლ თრეველის“ გენერალური მენეჯერი – აკრამ შარაფი