ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოპულარულ ამერიკულ გამოცემას „The Daily Beast”-ს მასპინძლობს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან პოპულარული გამოცემა „The Daily Beast”-ის ჟურნალისტს მასპინძლობს. ონლაინ პლატფორმას ყოველთვიურად 27 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემაა აშშ-ში.
საქართველოს ტურისტული მიმართულების, ქართული ღვინისა და სამზარეულოს შესახებ მოგზაური ჟურნალისტი ბენჯამინ კემპერი სტატიებს მოამზადებს, როგორც „The Daily Beast”-ის, ასევე კულინარიული სამოგზაურო გამოცემა Saveur-ისთვის.
პრეს-ტურის ფარგლებში ცნობილი ჟურნალისტი თბილისს, მცხეთას, შიდა ქართლში წედისს, გარიყულას, კახეთში დედოფლისწყაროს, თელავს, გურჯაანს, ვაზისუბანს და სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილებს მოინახულებს, ეწვევა ღვინის მარნებს, სადაც ტრადიციული მეთოდით მომზადებულ ღვინოს დააგემოვნებს. საქართველოს შესახებ ბენჯამინ კემპერი სტატიებს როგორც ამერიკელი, ასევე ევროპელი მომხმარებელი გაეცნობა.