ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფოტური თუშეთში
ხევსურეთის შემდეგ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურისტულ კომპანიებს თუშეთში უმასპინძლა.
ადმინისტრაციის ორგანიზებით თუშეთს 20-მდე ტუროპერატორი ეწვია.
ტურის მონაწილეებმა ომალო, დიკლო, შენაქო, ბოჭონა, დოუჭუ, ვესტომთა, ვაკისძირი, ვერხოვანი, დართლო და ნაკლებად ცნობილი სხვა ტურისტული ადგილები დაათვალიერეს, ტურის ფარგლებში ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა რამდენიმე საფეხმავლო მარშრუტი გაიარეს, რომელთა საერთო სიგრძე 20 კმ-ზე მეტია. ტუროპერატორებმა მაკრატლეას ქედი და ნაყაიჩოს უღელტეხილი დაათვალიერეს.
ინფო-ტურების პროექტით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა თუ შემომყვან ტურისტულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტურისტულად უცნობ ადგილებს, ტურისტულ პროდუქტებს, მარშრუტებსა და ობიექტებს, რომელსაც ტურისტული კომპანიები მომავალ ტურებში შეიყვანენ და როგორც ქართველ ასევე უცხოელ მოგზაურებს შესთავაზებენ.