ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფოტური ხევსურეთში
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის ინფოტურებს აგრძელებს.
ადმინისტრაციის ორგანიზებით ხევსურეთს 20-მდე ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ესტუმრა. პროექტის ფარგლებში ტუროპერატორებმა არხოტის ხეობა, სოფელი არდოტი, ჩირდილი, კისტანი როშკა, მუცო და შატილი მოინახულეს.
ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისათვის საცხენოსნო ტური გაიმართა, ანდაქი-არჭილოს მიმართულებით კი საფეხმალო ტური მოეწყო.
ინფო-ტური ფშავში, მდინარე არაგვზე ჯომარდობით დასრულდა.
”ჩვენი მიზანია საქართველოს ყველა რეგიონმა მიიღოს როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ვიზიტორები. ამ პროექტის ამოცანაა ნაკლებად ცნობილი ადგილები გავაცნოთ ტუროპერატორებს, რათა ახალი ტურისტული ადგილების ფორმირება და შემდეგ საერთაშორისო და შიდა ტურისტული ბაზრისთვის შეთავაზება მოხდეს.“-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.
ინფო-ტურების პროექტით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა თუ შემომყვან ტურისტულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტურისტულად უცნობ ადგილებს, ტურისტულ პროდუქტებს, მარშრუტებსა და ობიექტებს, რომელსაც ტურისტული კომპანიები მომავალ ტურებში შეიყვანენ და როგორც ქართველ ასევე უცხოელ მოგზაურებს შესთავაზებენ.