ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტი გასტრო-ტური სვანეთში
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამეგრელოსა და კახეთის შემდეგ სვანეთში გასტრო – ტური გამართა. ტურის ფარგლებში მესტიას 20 მდე- შეფ-მზარეული, სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტი, ბლოგერი ოპერატორი ეწვია.
ჟურნალისტები მესტიაში საოჯახო სასტუმროში სვანური კერძების ლეცვმარის, ფეტვრაალის და ლუკნეს მომზადების მასტერკლასს დაესწრნენ.
სოფელ ლატალში ტურის მონაწილეებმა საოჯახო სასტუმრში ადგილობრივი კერძები: თაშმიჯაბი, კუბდარი, მხეტრა და ფეტვი ჭვიშტარი მოამზადეს, ხოლო სოფელ ლახამულაში ნიგვზიანი ლემზირების, ზისხორას, უცხრას და სხვა საინტერესო კერძების მომზადების მასტერკლასს დაესწრნენ.
გასტრო-ტურის ფარგლებში შეფ-მზარეულები და ჟურნალისტები სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმს ეწვივნენ.
გასტრო-ტურის მიზანია საქართველოს სხვადასხვა კუთხეების გასტრონომიული შესაძლებლობების პოპულარიზაცია, ცნობადობის ამაღლება და შიდა ტურიზმის სტიმულირება.
“სვანეთში აქტიურად მიმდინარეობს ზამთრის ტურისტული სეზონი. იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად წარმოვაჩინოთ სვანეთის ტურისტული შესაძლებლობები ჩვენ ორგანიზებას ვუწევთ გასტრონომიულ ტურს. პროექტის ძირითადი მიზანია, პოპულარიზაცია გავუწიოთ სვანურ, ტრადიციულ, მრავალსაუკუნოვან კერძებს.
პროექტის ფარგლებში მომზადებული რეპორტაჟების საშუალებით მაყურებელს, ისევე როგორც პოტენციურ ტურისტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ იმ ტურისტულ პროდუქტს რომელიც სვანეთს გააჩნია. გარდა სამთო-სათხილამურო, ისევე როგორც სათავგადასავლო ტურიზმისა, სვანეთში ჩამოსულ ტურისტს შეუძლია დააგემოვნოს ის უნიკალური და უგემრიელესი კერძები, რომელიც საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეში საუკუნეებია მზადდება.“– აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.