ტურიზმის ადმინისტრაცია საქართველოს მასშტაბით ტრენინგებს აგრძელებს
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს მასშტაბით ტრენინგებს აგრძელებს.“ღვინო როგორც ტურისტული პროდუქტი.“ ასე ჰქვია სასწავლო კურსს, რომელიც ქვეყნის 10 ქალაქში, 93 ღვინის მარნისა და საწარმოს მომსახურე პერსონალს უტარდება. ტრენინგი პროექტ „ღვინის გზის“ ფარგლებში საქართველოს მასშტაბით იდენტიფიცირებული ღვინის ტურიზმის ობიექტების წარმომადგენლებისათვის იმართება. ტრენინგის თემებია:
ღვინის კულტურა და ისტორია, ღვინის დეგუსტაციის ხელოვნება,
ქართული ღვინის ჯიშები რეგიონების მიხედვით და სომელიეს ხელოვნება. სასწავლო კურსი ღვინის ტურიზმის ობიექტებისათვის ტრენინგების მხოლოდ პირველ ეტაპს წარმოადგენს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში ტრენინგებს კურსებს შემდეგ თემატიკაზე გამართავს: მომსახურების უნარ-ჩვევები, ფინანსური ანგარიშგება და უცხო ენა.
მიმდინარე კურსები შემდეგ ქალაქებში ტარდება: თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ყვარელი, ახმეტა, გორი, ამბროლაური, მცხეთა, ბათუმი და ქუთაისი.