სტუმრად მუზეუმში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს ეწვია. გიორგი ჩოგოვაძეს ექსპონატები მუზეუმის დირექტორმა გიორგი კალანდიამ დაათვალიერებინა. გიორგი ჩოგოვაძე გაეცნო როგორც საექსპოზიციო დარბაზებს, ისე საფონდო სივრცეებს. მუზეუმში უნიკალური საგანძურია წარმოდგენილი. აქ დაცულია ქართული თეატრალური და საცენო ხელოვნების ისტორიის ამსახველი ძვირფასი მასალა, მათ შორის საყურადღებოა ნიკო ფიროსმანის, გიგო გაბაშვილის, პეტრე ოცხელის ნამუშევრები, ქართული ეროვნული სამოსის დიდი კოლექცია. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და მუზეუმს შორის ურთერთანამშრომლობის საინტერესო პერსპექტივები დაისახა. ადმინისტრაცია მუზეუმს ხელს შეუწყობს ეროვნული საგანძურის პოპულარიზაციისა და უცხოელი ტურისტების მოზიდვის საქმეში.