სვანეთში სამთოგამყოლებს ტრენინგი ჩაუტარდათ
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და უსაფრთხოების გაზრდის მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამთო გამყოლების გადამზადებას აგრძელებს. სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ 20 გამყოლს სამ საფეხმავლო სათავგადასავლო მარშრუტზე ტრენინგი ჩაუტარდა. სწავლება შემდეგ თემატიკას მოიცავდა: გიდის უნარ-ჩვევები, გიდის ეტიკეტი, რისკების მენეჯმენტი, მარშრუტებში შემავალი და ზოგადად სვანეთის რეგიონში არსებული ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა და მიმართულებების შესახებ საბაზისო ტურისტული ინფორმაციის ფლობა, საფეხმავლო ტურის მომზადება და ა.შ.
სწავლება მთაში არსებული საფრთხეების დროულად ამოცნობას და რეაგირებას მოიცავდა. სამთო გამყოლებს ინსტრუქტორებმა გააცნეს ნავიგაციისთვის საჭირო ხელსაწყოები და მათთან მუშაობის წესები.