საქართველო UNWTO-ის ღონისძიებებს უმასპინძლებს
საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მნიშვნელოვან კონფენციას უმასპინძლებს. ლონდონის საერთაშორისო ტურიზმის გამოფენაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თალებ რიფაიმ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის თანახმად 2016 წლის 25-27 იანვარს საქარველოში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მრჩეველთა ტექნიკური საბჭოს მე-5 და სტატისტიკისა და ტურიზმის სატელიტური ანგარიშების კომიტეტის მე-16 შეხვედრა გაიმართება. კონფერენციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე წარმომადგენელი დაესწრება. შეხვედრაზე ტურიზმის სტატისტიკის განვითარების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. წელს პირველად შეიქმნა პრეცედენტი, როდესაც კომიტეტის სხდომა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საბაზისო ქალაქის მადრიდის გარეთ იმართება, რაც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შესრულებული მნიშვნელოვანი სამუშაოს აღიარებაა. საქართველო აღნიშნული კომიტეტის წევრია 2011 წლიდან, ხოლო 2013 წელს ვიცე პრეზიდენტის პოსტიც ეკავა.