საქართველო ITB Berlin-ის ოფიციალური პარტნიორია. -საერთაშორისო გამოფენის ჟურნალი საქართველოს შესახებ
მსოფლიოში ერთერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის „ITB Berlin“ ჟურნალი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებლის, მედეა ჯანიაშვილის, ინტერვიუს ავრცელებს.
მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა, სადაც წელს საქართველო გამოფენის პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება სათავგადასავლო და მდგრადი ტურიზმის მიმართულებით. „ITB Berlin“-ის ვირტუალურ გამოფენაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტულ კომპანიებთან ერთად იქნება წარმოდგენილი.
“სხვა ტურისტული მიმართულებების მსგავსად საქართველოს კოვიდ-კრიზისმა დარტყმა მიაყენა, თუმცა საქართველოს ნაბიჯები ძლიერი და გადამწყვეტი აღმოჩნდა.
წელს საქართველო „ITB Berlin“-ის ძირითადი პარტნიორია, ამ თემაზე ჩვენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებელს ვესაუბრეთ.“-წერს „ITB Berlin“-ის ჟურნალი.
„პანდემიის გავრცელებამდე ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრია იყო საქართველოში. ქვეყანამ რეკორდულად ბევრი 9.3 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო. ტურიზმის სექტორის წილმა მშპ-ში 8% შეადგინა. პოსტ-კრიზისულ პერიოდში, ეკონომიკის აღდგენის გეგმებში საქართველოს მთავრობისთვის ტურიზმი პრიორიტეტულია. ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ხელს შევუწყობთ ტურიზმის მდგრადი მოდელის ჩამოყალიბებას და განვითარებას. კრიზისის დაწყებიდან ჩვენ მხარს ვუჭერთ ტურისტულ ბიზნესს სხვადასხვა პროგრამებით: ეს არის ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი, გადასახადებისგან გათავისუფლება. ჩვენი მიზანია პანდემიისგან წამოსულ ნეგატიურ დარტყმას გავუმკლავდეთ, ტურიზმის ინდუსტრიამ მიიღოს სარგებელი და კვლავ სწრაფად მზარდი გახდეს.
გლობალური კრიზისული სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს როგორც ტურისტულ ასევე ბიზნეს მიმართულებაზე მოთხოვნა კვლავ მზარდია.“-აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.
რა გამოცდილება მოგცათ ამ კრიზისმა, რაც შემდეგ დაგეხმარებათ ტურიზმის ინდუსტრიას სწრაფ აღდგენაში?
„ჩვენ ვისწავლეთ, რომ ზოგჯერ კრიზისის დროს არსებული გამოწვევები ახალ შესაძლებლობად შეიძლება იქცეს. პოსტკოვიდურ პერიოდში, საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე, სათავგადასავლო ტურიზმზე, ეკო და აგრო პროდუქტებზე მაღალი მოთხოვნა ჩნდება. მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოს ამ მიმართულებით პროდუქტების განვითარების დიდი პოტენციალი და გამოცდილება აქვს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმების დაცვით, განვავითაროთ და დავნერგოთ ტურიზმთან დაკავშირებული პროდუქტები და სერვისები.
ჩვენ მსოფლიო ჯანდაცვისა და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციების რეკომენდაციების მიხედვით დავნერგეთ სავალდებულო უსაფრთხოების სტანდარტები, შევიმუშავეთ პროტოკოლები, როგორც საერთაშორისო მოგზაურების, ასევე მოსახლეობისთვის.
საქართველომ თანდათან, უსაფრთხოების დაცვით დაიწყო ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის გახსნა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ინოვაციურ ტრენდებსა და სერვისის ხარისხზე.
დღეს როგორც არასდროს კოორდინაცია, თანამშრომლობა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება გვესაჭიროება, გამოწვევების მიუხედავად კერძო და საჯარო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ტურიზმის განვითარებას ახალ საფეხურზე ავიყვანთ.“
შეგიძლიათ მითხრათ მეტი ინფორმაცია „იმუშავე დისტანციურად საქართველოში“ პროგრამის შესახებ თუ რა შედეგს მიაღწიეთ?
საქართველოს მთავრობამ პანდემიის დროს, ტურისტული სექტორის მხარდასაჭერად, ინოვაციური პროექტი შეიმუშავა. პროგრამის მონაწილეების ქვეყანაში შემოსვლა სრულ შესაბამისობაშია უსაფრთხოების სტანდარტებთან, რაც ეტაპობრივად საზღვრების გახსნის პოლიტიკას უკავშირდება. „იმუშავე დისტანციურად საქართველოდან“ პროგრამა ქვეყნის ტურიზმის სტრატეგიის ნაწილია. ჩვენი მიზანია უფრო მეტად მაღალმხარჯველიანი ტურისტების მიღება. ეს პროექტი მასობრივ ტურიზმზე გათვლილი არ არის. ამ პროექტის მიზანია სპეციფიკური სეგმენტის მიღება, საუბარია უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომელთა თვიური მინიმალური შემოსავალი 2000 აშშ დოლარს შეადგენს და საქართველოში მინიმუმ 6 თვე დარჩებიან. ამ ინდიკატორების გათვალისწინებით, ქვეყანა მიიღებს ტურისტებს, რომლებიც დიდი ხნით დარჩებიან საქართველოში და ისარგებლებენ ადგილობრივი პროდუქტებითა და სერვისით, მათ შორის ტურიზმთან დაკავშირებული მომსახურებით, შედეგად ეს პროგრამა დამატებით შესაძლებლობას უჩენს კერძო სექტორს.
ამ პროექტის ეფექტურობა უკვე ჩანს. 6 თვეში ჩვენ დაახლოებით 2500 აპლიკაცია მივეღეთ, აქედან 900-ზე მეტი აპლიკანტი საქართველოს უკვე ეწვია. ვიზიტორთა შორის არიან: დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეები, ჯამში წარმოდგენილია 90 ქვეყანა, აქედან აპლიკანტთა 53% თვითდასაქმებულია, 28 % სრულ განაკვეთზე დასაქმებული, 19 % კი მეწარმეა.
რა არის ის მთავარი საკითხი, რითაც დღეს საქართველო ITB Berlin-ის ყურადღების ცენტრშია?
მას შემდეგ რაც 2021 წელს „ITB Berlin“-ის გამოფენის სათავგადასავლო და მდგრადი ტურიზმის მიმართულებით პარტნიორი გავხდით გამოფენაზე საქართველოს ძირითადად თემებს წარმოადგენს: ცოცხალი ქართული კულტურა, ტრადიციები, მრავალფეროვანი სათავგადასავლო ტურიზმი, სამთო ბილიკებიდან ზღვის სანაპირომდე, საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებრივი რესურსები.
რა არის ის სამი უდიდესი ფაქტორი რაც რითაც გაყიდით თქვენს პროდუქციას, საქართველოს როგორც სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით?
საქართველო ხელსაყრელი კლიმატით არის ცნობილი, რაც მთელი წლის განმავლობაში იზიდავს ტურისტებს. ეს არის შავ ზღვაზე ყვინთვით დაწყებული, ევროპის ყველაზე მაღალ მთებში თხილამურებზე სრიალით დამთავრებული. ერთ დღეში საქართველოში თქვენ შეგიძლიათ წელიწადის ოთხივე სეზონზე მოხვდეთ. კავკასიის მთების პატარა ქვეყანა ტურისტებს ყველა კლიმატურ პირობებსა და მრავალფეროვან ეკოსისტემას სთავაზობს.
ტურისტებს შეუძლიათ დილით მთის კალთებზე ისრიალონ, შუადღისას მზეზე გაირუჯონ და საღამოს მზის ჩასვლისას წამოსული ზღვის ჰაერი ჩაისუნქონ. ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოში აღმოსაჩენი ჯერ კიდევ ბევრია.
საქართველოს მთავრობა კურორტების პოპულარიზაციის მიზნით აქტიურად მუშაობს. ინვესტორებს როგორც ზამთრის ასევე ზაფხულის კურორტებზე სასტუმრო და გასართობი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საუკეთესო პირობებს სთავაზობს.
რატომ არის დღეს ITB Berlin-ის პარტნიორობა ასეთი მნიშვნელოვანი?
ჩვენ გვაქვს პატივი, ვიყოთ ITB Berlin-ის ოფიციალური პარტნიორი. ასეთი პატარა ქვეყნისთვის დიდი შესაძლებლობაა, რომ ვიყოთ ოფიციალურად დაკავშირებული ტურიზმის ინდუსტრიაში მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენასთან. ეს გვაძლევს შესაძლებლობას დავამტკიცოთ, რომ პატარა ქვეყანას, რომელიც ჯერ კიდევ უცნობი მიმართულებაა შეუძლია შესთავაზოს მსოფლიო კლასის ტურისტული სერვისი. შესაძლებლობა მოგვეცემა მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ საქართველოს უცნობი სიმდიდრე. დარწმუნებულები ვართ, რომ ITB Berlin-თან პარტნიორობა კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს ცნობადობას, როგორც ტურიზმის სპეციალისტების ასევე იმ ადამიანებისთვის, ვინც საქართველოში უსაფრთხო მოგზაურობით დაინტერესებულია. პოსტკოვიდურ პერიოდში. გამოფენაზე ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსოფლიოს საქართველო ყველა კუთხიდან ვაჩვენოთ.
https://www.yumpu.com/kiosk/itbberlinnews/itb-berlin-news-2021-preview-edition/65333896/14?fbclid=IwAR32SHg2xpt0sMWWDCH7rhLdesk89jkgd9ZnQmf-sLMHeY-BcqEFjIS3aU4