საქართველო ტურისტულ გამოფენაზე ლატვიაში
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ რიგის საერთაშორისო ტურიზმის გამოფენა-ბაზრობაში „BALTTOUR“ მიიღო მონაწილეობა.
რიგის 22-ე გამოფენაში 40 სახელმწიფოდან 800 კომპანია მონაწილეობდა, წარმოდგენილი იყო 470-ზე მეტი სტენდი. „BALTTOUR“-ს 30 000 სტუმარი ეწვია.
საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ქუთაისის მერია, ასევე Liberty Georgia, Mgzavrebi, Georgia Travel RSP, Welcome to Georgia მონაწილეობდა.
გამოფენის ოფიციალურ გახსნას დაესწრენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში თეიმურაზ ჯანჯალია და მისი მოადგილე არჩილ სოხაძე. 3 დღის განმავლობაში საქართველოს სტენდი გამოფენის რამდენიმე ათასმა სტუმარმა დაათვალიერა. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა საქართველოში მოგზაურობის სურვილი გამოხატეს, განსაკუთრებით სათავგადასავლო, გამაჯანსაღებელი, კულტურული და საზაფხულო ტურებით დაინტერესდნენ.
საქართველოსთვის ლატვია მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2013 წელთან შედარებით 2014 წელს ლატვიიდან საქართველოს 23%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია.