საქართველო მსოფლიო გიდების ასოციაციების კონგრესს უმასპინძლებს
ირანში გამართულ ტურისტული გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მე-17 კონვენციაზე, საქართველო 2019 წელს დაგეგმილი კონგრესის მასპინძელ ქვეყნად აირჩიეს. საქართველოს კონკურენციას უწევდნენ ტაილანდისა და ნიუ-იორკის გიდების ასოციაციები, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებს შორის, საქართველოს კანდიდატურამ ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა და კენჭისყრის შედეგად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს გიდების ასოციაციის ხელმძღვანელის ქეთევანის მელაძის განცხადებით, ,,ეს არის პირველი პრეცედენტი ტურიზმის სფეროში, როდესაც მსგავსი მასშტაბის ღონისძიების მასპინძელი ხმის მიცემის სისტემით შეირჩა და სასიხარულოა , რომ გამარჯვება საქართველომ მოიპოვა’’.
ირანში გამართულ კონგრესს 70 ქვეყნის დელეგაცია ესწრებოდა, ხმის მიცემის უფლება კი 34 მათგანს ჰქონდა. კონგრესს 275 სტუმარი დაესწრო, მათ შორის ირანის პრეზიდენტი ჰასან ოუჰანი და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი.
კონგრესში, რომელიც საქართველოში ჩატარდება მონაწილეობას მიიღებს 300დან 500 მდე დელეგატი 70 ქვეყნიდან- ძირითადად სხვადასხვა ქვეყნის გიდების ასოციაციების ხელმძღვანელი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, აღნიშნული კონგრესის საქართველოში ჩატარება ტურიზმის სექტორის ხელშეწყობისათვის ძალზედ მნიშნვნელოვანი ღონისძიებაა და ქვეყანაში ტურისტული გიდების პროფესიის განვითარებას დაეხმარება. ამასთან, მოხდება ადგილობრივ დონეზე ცოდნის გაზიარება და აღსანიშნავია, საერთაშორისო გამოხმაურება, რომელიც ღონისძიების საქართველოში მასპინძლობა მოუტანს ქვეყანას.
2019 წელს დაგეგმილი კონგრესის მასპინძელ ქვეყნად საქართველოს კანდიდატურა გიდების ასოციაციამ ირანში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით წარადგინა.