„საქართველო ებრაელი მოგზაურთათვის“ ბროშურის პრეზენტაცია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თემატური ბროშურა სახელწოდებით „ საქართველო ებრაელი მოგზაურთათვის“ გამოსცა. ბროშურა ინგლისურ და ებრაულ ენებზე მომზადდა. ბროშურა მოიცავს ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში არსებული სინაგოგებისა და ებრაელთა ისტორიის მუზეუმის შესახებ. ბროშურის პრეზენტაცია
დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში გაიმართა.
ისრაელში საქართველო სულ უფრო პოპულარული მიმართულება ხდება. ისრაელიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად სტაბილურად იზრდება. 2016 წლის 6 თვის მონაცემებით ისრაელიდან საქართველოს 33 252 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ზრდა წინაწლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 95.4%-ით გაზრდილია. ებრაელი ტურისტების ერთ-ერთ უმთავრეს სფეროს საქართველოში არსებული ებრაული მატერიალური კულტურის ძეგლები წარმოადგენს.
საქართველოსა და ისრაელს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს. ისტორიული წყაროების მიხედვით, საქართველოში ებრაული მოსახლეობა უძველესი დროიდან დასახლდა და აქტიურ როლს თამაშობდა ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, რასაც მათ მიერ შექმნილი საკმაოდ მდიდარი კულტურული მემკვიდრეობაც მოწმობს.