საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჩინეთში ეცნობიან
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს რეგიონში გაეცნენ. ჰარბინის სახელმწიფო უნივერისტეტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქვეყნის ტურისტული მიმართულებების შესახებ პრეზენტაცია მოაწყო. პრეზენტაციის ფარგლებში მოხდა საქართველოს ტურისტული მიმართულებების, ტურიზმის სფეროს განვითარებისათვის სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი და სტატისტიკური მონაცემების მიმოხილვა. პრეზენტაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა გიორგი ბრეგაძემ ჰარბინის უნივერსიტეტში გამართულ სემინარზე წარადგინა. სემინარი „მართვა და განვითარება ევრაზიული ქვეყნების ტურიზმის სფეროში 2015 წელს“ ჰარბინში 22 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით გაიმართა. სემინარზე საქართველოდან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად წარმოდგენილი იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. სემინარის ფარგლებში მოხდა შემდეგი თემების განხილვა: შიდა და საერთაშორისო ტურიზმის მართვა, ტურისტული ბიზნესის თანამედროვე კონცეფციები და ტურიზმის ინდუსტრიის მართვის მეთოდები.