საქართველოს ტურისტული მიმართულებების პრეზენტაცია ისრაელში
ზამთრის სეზონის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ისრაელში საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ პრეზენტაცია მოეწყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით თელ-ავივში სპეციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებას ისრაელის ტურისტული სააგენტოების და წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ პრეზენტაციას საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ ასევე დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ღვინო. პრეზენტაციაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და ისრაელში საქართველოს ელჩმა პაატა კალანდაძემ.
ისრაელი საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. სტატისტიკური მონაცემებით, 10 თვეში ისრაელიდან საქართველოს 53 360 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34%-ით მეტია. საერთაშორისო მოგზაურთა ტოპათეულში ისრაელი მე-6 ადგილს იკავებს.