საუდის არაბეთში საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საუდის არაბეთში საქართველოს შესახებ პრეზენტაციები მოაწყო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა, კომპანია flydubai-ის მხარდაჭერით, ქალაქ ჯედასა და რიჰადში შეხვედრები გამართეს. პრეზენტაციებზე საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და საქმიანი ტურიზმის კუთხით არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია არაბ ტუროპერატორებს გააცნეს. ღონისძიებებს 100-მდე ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. ამასთან, გაიმართა ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან, მათ შორის, საუდის არაბეთსა და GCC-ს რეგიონში უმსხვილეს კომპანიებთან. საუდის არაბეთი ერთ-ერთი უმსხვილესი და სწრაფად მზარდი ტურისტული ბაზარია საქართველოსათვის, 2016 წელს საქართველოს საუდის არაბეთიდან 21,000-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 116%-ით მეტია 2015 წლის მონაცემებთან შედარებით.