სასტუმროების წარმომადგენლები ტურიზმის უსაფრთხო აღდგენის 2021 წლის გეგმას გაეცნენ
ტურიზმის უსაფრთხო აღდგენის მიზნით სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა სასტუმროების წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრისა და საკოორდინაციო საბჭოს დავალებით შემუშავებულ საქართველოს ტურიზმის უსაფრთხო აღდგენის 2021 წლის გეგმები გააცნეს და სექტორის წარმომადგენლების მოსაზრებები მოისმინეს.
კერძო სექტორის წარმომადგელებთან შეხვედრას ესწრებოდნენ: შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.
”ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გრძელდება, სადაც განიხილება 2021 წლის ტურიზმის უსაფრთხო აღდგენის სამოქმედო გეგმა. დღეს სასტუმროების წარმომადგენლებს გავაცანით დაგეგმილი პროექტები მარკეტინგული აქტივობების შესახებ, ასევე მოვისმინეთ მათი მოსაზრებები როგორც მარკეტინგული გეგმების, ასევე ტურიზმის სფეროს ეტაპობრივად აღდგენის მიმართულებით. დარგის წარმომადგენლების ჩართულობა და მათი მოსაზრებები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ კერძო სექტორთან ერთად, უსაფრთხოების ზომების დაცვით, თანმიმდევრული ნაბიჯებით აღვადგინოთ ტურიზმი.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.