სამხრეთ კორეის ტელეკომპანია საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ ფილმს იღებს
სამხრეთ კორეის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ტელეკომპანია საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ ფილმს იღებს. Korean Broadcasting System-ის ჯგუფი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფება.
დოკუმენტური ფილმების რედაქცია Food Odyssey-ის 8 კაციანი გადამღები ჯგუფის წევრებმა თბილისის ისტორიული უბნები, სიღნაღი, ალავერდი, თელავი, ალვანი, მესტია და უშგული გადაიღეს. ფილმში ძირითადი აქცენტი ქართულ სამზარეულოსა და ღვინოზე გაკეთდება.
1 საათიანი ფილმი Korean Broadcasting System-ის ეთერით აპრილში გადაიცემა. ტელეკომპანიის ვებგვერდზე კი საქართველოს შესახებ 15 მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლი იტრიალებს.
„საქართველო იდუმალ საგანძურს ჰგავს, თქვენი ქვეყანა უძველესი კულტურით გამოირჩევა. ჩვენ მსოფლიოს 6 ქალაქის: ნიუ-იორკის, პეკინის, ჰონგკონგის, ტოკიოს, ბეირუთისა და თბილისის შესახებ ფილმებს ვამზადებთ. ყოველი ეპიზოდი ხალხს, კულტურასა და კულინარიას ეხება. საქართველოს შესახებ ფილმს კორეაში მილიონობით მაყურებელი იხილავს.“- აცხადებს Korean Broadcasting System-ის პროდიუსერი უკ-ჯონგ ლი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით მსგავსი ტიპის გადაცემები, რომელსაც მილიონობით სამხრეთ კორეელი და ინტერნეტ მომხმარებელი იხილავს, ხელს შეუწყობს საქათველოს ცნობადობის გაზრდას და ასევე დამატებითი ტურისტული ნაკადების შემოსვლას საქართველოში.