საერთაშორისო ექსპერტის ტრენინგი MICE ტურიზმის წარმომადგენლებისთვის
✔️ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი კომპანიებისათვის ტრენინგი გამართა.
✔️პრეზენტაცია საერთაშორისო ექსპერტმა ჰუგო სლიმბროქმა მოაწყო. ტრენინგს საქმიანი ტურიზმის მიმართულებით მომუშავე სხვადასხვა კომპანიებისა და სასტუმროების 40 წარმომადგენელი დაესწრო.ტრენინგის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.
✔️„საკონვენციო ბიუროს როლი კიდევ უფრო ძლიერდება, კერძო სექტორისთვის აქტიურად ვატარებთ ტრენინგებს. ჩვენ ჩამოვიყვანეთ საერთაშორისო კომპანიის ექსპერტი, რომელმაც კერძო სექტორის წარმომადგენლებს გამოცდილება გაუზიარა, საკონვენციო ბიუროს წევრებს საშუალება მიეცათ ბიზნესკონტაქტი დაემყარებინათ საერთაშორისო კომპანიასთან, რომ მომავალში საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ტურისტული პროდუქტების რეალიზაცია მოახდინონ.“ -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
✔️გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის Ovation Global DMC-ის სტრატეგიული პარტნიორების დირექტორმა ჰუგო სლიმბროქმა საქმიანი ტურიზმის სფეროს განვითარების შესახებ ისაუბრა. Ovation Global DMC მთელ მსოფლიოში 100-ზე მეტ ასოციაციას, კორპორაციას და სააგენტოს აერთიანებს, რომლებიც საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ტრენინგებს და ღონისძიებებს ატარებს.
✔️თბილისში ვიზიტისას ჰუგო სლიმბროქმა ბრენდი სასტუმროები დაათვალიერა, სადაც მასშტაბური ღონისძიებების ჩატარებაა შესაძლებელი.
✔️„დღეს ვხედავთ რომ საქართველოზე მოთხოვნა გაზრდილია, სულ უფრო მეტი მარკეტინგული კამპანია ტარდება ცნობადობის გასაზრდელად.
საქართველოში ტურიზმი ვითარდება და ვფიქრობ ახლა საქმიანი ტურიზმის დროა. ბოლო 24 საათში თბილისში საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდი სასტუმროები დავათვალიერე და რაც ვნახე მოლოდინს გადააჭარბა, ვფიქრობ თქვენ კარგი შესაძლებლობა გაქვთ უმასპინძლოთ მასშტაბურ ღონისძიებებს.“ -განაცხადა ჰუგო სლიმბროქმა.