რაჭაში სალაშქრო სეზონი გაიხსნა
სალაშქრო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. მოლაშქრეებს რაჭაში, შაორის წყალსაცავთან მდებარე ბანაკში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა. სალაშქრო სეზონი რაჭაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება. ლაშქრობაში 2 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს.
4 დღიანი ღონისძიების ფარგლებში მოლაშქრეებს საშუალება აქვთ სხვადასხვა გასართობ, სპორტულ და შემეცნებით აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა და გაეცნონ მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციისა და მისი კლუბების მომავალ ღონისძიებებს.
ლაშქრობის ფარგლებში იმართება სახალისო საველე თამაშები(BEER PONG, Cup flip, Mas wrestling, airsoft)
დაგეგმილია ფეხბურთის, რაგბის, ფრენბურთის და ბადბინტონის შეჯიბრი. ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა არტისტების მონაწილეობით ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი ჩატარდება.