საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოლონეთიდან მორიგ პრეს-ტურს მასპინძლობს. პოლონეთის წამყვანი ონლაინ გამოცემებისა და რადიო კომპანიების 5 ჟურნალისტი საქართველოს ადმინისტრაციის ორგანიზებით ეწვია.
პოლონური მედიის წარმომადგენლები თბილისს, კახეთში ალავერდის მონასტერს, წინანდალს, გრემს, ბოდბესა და სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილებს დაათვალიერებენ. პრეს-ტურის ფარგლებში ჟურნალისტები მცხეთას, ქუთაისს, გელათს, ბაგრატის ტაძარს, პრომერეთს მღვიმესა და იმერეთის სხვა ტურისტულ ადგილებს ეწვევიან. პოლონური მედიის წარმომადგენლები ქართული ღვინის, კულინარიისა და საქართველოს ტურისტული მიმართულებების რეპორტაჟებსა და სტატიებს მოამზადებენ.
პრეს-ტურში წარმოდგენილ GAZETA.PL-ს ვებ-გვერდს თვეში 10 მილიონამდე ვიზიტორი ჰყავს. ტურში ასევე მონაწილეობენ შემდეგი მედიასაშუალებების ჟურნალისტები: RADIO KRAKOW, RADIO KULINARNE,
POJECHANA და MAGICZNY SKŁADNIK
„ამჟამად ჩვენ ონლაინ გამოცემების წარმომადგენლებს ვმასპინძლობთ პოლონეთიდან. ერთ-ერთ ვებ-გვერდს თვეში დაახლოებით 10 მილიონი მნახველი ჰყავს, რაც საშუალებას გვაძლევს საკმაოდ ფართო აუდიტორიაზე გავშალოთ ჩვენი ტურისტული პროდუქტი და შეთავაზებები.“ -აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.
„ჩვენ ჟურნალისტთა ხუთკაციანი ჯგუფი ვართ პოლონეთიდან. საქართველოში ტურისტული, კულინარიული და ღვინის პოტენციალის გასაცნობად ჩამოვედით. მე პოლონეთის რადიო „პოდკასტს“ წარმოვადგენ და ასევე გახლავართ ღვინისა და ტურიზმის კონსულტანტი პოლონეთში, ვმუშობ რეგიონებში ტურიზმის განვითარების მხარდაჭერისთვის, რაც შეეხება ჩემს იმერეთში ჩამოსვლას აქ უკვე მეორეჯერ ვარ, წინა ჩამოსვლაზე ძალიან ბევრი დადებითი ემოცია და საინტერესო ამბავი წავიღე. ძალიან გემრიელი ღვინო და მრავალფეროვანი სამაზარეულოა იმერეთში. იმერეთს დიდი პოტენციალი აქვს, რომ საქართველოს ერთერთი ტურისტული და მეღვინეობის ცენტრი გახდეს.“ -ამბობს პრეს-ტურის მონაწილე ჟურნალისტი ბარტოშ ვილჩინსკი.