მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სტატისტიკის კომიტეტის შეხვედრა თბილისში
გამონაკლისის სახით გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია სტატისტიკის კომიტეტის შეხვედრას ბაზირების ქვეყნის, ესპანეთის, გარეთ საქართველოში ატარებს.
2016 წლის 25-27 იანვარს საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მრჩეველთა ტექნიკური საბჭოს მე-5 სხდომასა და სტატისტიკისა და ტურიზმის სატელიტური ანგარიშების კომიტეტის მე-16 შეხვედრას მასპინძლობს.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სტუმრობენ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ექსპერტები სტატისტიკის დარგში.
საქართველოში იმყოფება აგრეთვე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი მარსიო ფავია, რომელიც საქმიან შეხვედრებს გამართავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან გიორგი ჩოგოვაძესთან.
სტატისტიკისა და ტურიზმის სატელიტური ანგარიშების კომიტეტი 12 ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის ავსტრიას, ესპანეთს, ბრაზილიას, ჩილეს და ა.შ. აღსანიშნავია, რომ საქართველო მეორე ვადით იქნა არჩეული ხსენებული კომიტეტის წევრად. გასულ პერიოდში ჩვენს ქვეყანას აღნიშნულ კომიტეტში ვიცე პრეზიდენტის პოსტიც ეკავა, წელს კი მისი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია უკვე ღონისძიების საქართველოში ჩატარებით აღინიშნა.
ხსენებული კომიტეტის წევრობა და მოცემული შეხვედრა მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ტურიზმის სტატისტიკის წარმოების დახვეწის, საერთაშორისო სტანდართებთან მიახლოებისა და თანამედროვე მიდგომების დანერგვის კუთხით.
გარდა ამ სხდომისა, საქართველოში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით წელს კიდევ ერთი მასშტაბურ ღონისძიება ჩატარდება. შემოდგომაზე საქართველო უმასპინძლებს ღვინის ტურიზმის პირველ გლობალურ კონფერენციას, რაც კიდევ უფრო წარმოაჩენს საქართველოს როგორც ღვინის სამშობლოს ტურისტულ პოტენციალს.