მსოფლიოში ცნობილი ინფლუენსერების ტური საქართველოში დასრულდა
„ციფრული დღეები საქართველოში“ პროექტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მსოფლიოში ცნობილმა ინფლუენსერებმა 10 დღის განმავლობაში საქართველოს თითქმის ყველა კუთხე მოინახულეს. საქართველოს 20-მდე ინფლუენსერი და ბლოგერი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით ეწვია.
„ციფრული დღეები საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, ამერიკული პლატფორმა Steller-ის საშუალებით Facebook-ის, Instagram-ის, Youtube-ისა და სხვა სოციალური ქსელების წამყვანმა ინფლუენსერებმა, რომლებსაც სოციალურ ქსელებში მილიონობით მიმდევარი ჰყავთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად მოინახულეს: თბილისი, გუდაური, სტეფანწმინდა, ჯუთა, თრუსოს ხეობა, კახეთი, ვაშლოვანის ეროვნული ნაკრძალი, ქუთაისი, პრომეთეს მღვიმე, მესტია, უშგული, სამეგრელოს სოფლები და ბათუმი.
მსოფლიოში ცნობილმა ინფლუენსერებმა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით აჭარაში ტურისტულად პოპულარული ადგილები დაათვალიერეს, მოინახულეს ბათუმის ბოტანიკური ბაღი და კატარღით ზღვაში გაისეირნეს.
“პროექტი ციფრული დღეები საქართველოში დასრულდა. პროექტის ფარგლებში ჩვენ ოცამდე ინფლუენსერს ვუმასპინძლეთ, მათ მოინახულეს საქართველოს თითქმის ყველა კუთხე და გაეცნენ ჩვენს ძირითად, წამყვან ტურისტულ პროდუქტებს, რომლის პოზიციონირებასაც საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე ვახდენთ. შესაბამისას ეს არის ერთერთი ყველაზე კარგი ტურისტული ხერხი ქვეყნის ტურისტული პოპულარიზაციისათვის, რადგან ციფრული მედია არის წამყვანი საშუალება მარკეტინგულ აქტივობებში და ინფლუენსერების ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი. ეს ადამიანები უშუალოდ ტურისტული პროდუქტის მომხმარებლები არიან და გამოცდილებას უზიარებენ პოტენციურ მომხმარებლებს.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
ტურის პარალელურად ინფლუენსერებმა სოციალურ ქსელებში საკუთარ მომხმარებლებს საქართველოს ტურისტული ადგილების ასობით ვიდეო და ფოტო ისტორია გაუზიარეს.
ტურის მონაწილეები სოციალურ ქსელებში პოპულარიზაციას უწევენ საქართველოს სათავგადასავლო, ეკო, კულტურულ ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს. შექმნილი მედია პროდუქტი სოციალურ ქსელებთან ერთად მსოფლიოში გავლენიან საერთაშორისო პლატფორმა Steller-ის ვებ გვერდზე განთავსდება. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტების მოზიდვას და ქვეყნის ტურისტული ცნობადობის გაზრდას, როგორც აშშ-ში, ასევე ევროპისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში.
Steller-მა მსგავსი კამპანია 2019 წელს ირლანდიაში გამართა, შედეგად სოციალურ ქსელებში 72 მილიონი ნახვა და რეაქცია მიიღო.