მემორანდუმი ტურიზმის ადმინისტრაციასა და IDS ბორჯომს შორის
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და IDS ბორჯომი საქართველო რეგიონებში ტურიზმის პოპულარიზაციის კუთხით თანამშრომლობას იწყებენ.
IDS ბორჯომი საქართველოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა ზაზა კიკვაძემ მოაწერეს.
ორმხრივი მემორანდუმის თანახმად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მზადაა იზრუნოს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაზე.ქართული კულინარიის წარმოჩენითა და პოპულარიზაციით რეგიონებში ტურიზმისა და უფრო ზუსტად გასტრონომიული ტურიზმის წახალისება „ბორჯომის“ მიერ შექმნილი ახალი ქართული გასტრონომიული პორტალის მთავარი მიმართულებაა.
გიორგი ჩოგოვაძე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
“მოხარულები ვართ, რომ საქართველოს რეგიონებში ტურიზმის პოპულარიზაციისათვის დღეს ვაფორმებთ მემორანდუმს კომპანია IDS ბორჯომთან, რომელიც მსოფლიოში აღიარებული ქართული ბრენდია და მრავალი წელია განსაკუთრებულ როლს ასრულებს სხვადასხვა კონტინენტზე, უამრავ ქვეყანაში საქართველოს ცნობადობის ამაღლების კუთხით. ბორჯომი აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის რეკლამირებაში, მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ჩვენ ვიწყებთ თანამშრომლობის ახალ და ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს, რომელიც ხელს შეუწყობს გასტრონომიული ტურიზმის წახალისებას, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ეს პროექტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე როდესაც ტურისტთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება, როგორც იცით 2016 წლის სამ თვეში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1 134 436 შეადგინა, რაც 14,7%-ით მეტია 2015 წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით.“
ზაზა კიკვაძე – IDS ბორჯომი საქართველოს გენერალური დირექტორი
„ბორჯომის“ ბრენდი საქართველოს საექსპორტო გაყიდვების ფლაგმანია.საქართველოში ტურიზმის და განსაკუთრებით რეგიონული ტურიზმის განვითარება ცხადია კიდევ უფრო შეუწყობს ხელს უცხო ქვეყნებში ქართული პროდუქტების, მათ შორის „ბორჯომის“ ცნობადობის ამაღლებას და პოპულარიზაციას. ცნობილია, რომ ტურისტებს იზიდავთ ქართული სამზარეულო; „ბორჯომი“ და ქართული სუფრა კი ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, წინ წამოგვეწია რეგიონული გასტრონომიის თემატიკა და ამით წაგვეხალისებინა რეგიონული ტურიზმი“.
შეხვედრის ფარგლებში „ბორჯომის“ მიერ შექმნილი პირველი საერთაშორისო გასტრონომიული პორტალის (gastroguide.borjomi.com/ge) პრეზენტაცია გაიმართა. საიტი სამენოვანია – ქართული, ინგლისური და რუსული. ამ პორტალის და შესაბამისად ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციაზე იზრუნებს „ბორჯომი“ – როგორც ქართულ ასევე, სტრატეგიული ქვეყნების ბაზრებზე – უკრაინა, ბალტიისპირეთის ქვეყნები, რუსეთი, ყაზახეთი, ბელორუსი. პორტალის განვითარება მუდმივი პროცესია – თანდათან არსებულ კონტენტს დაემატება ბევრი ახალი და საინტერესო რეცეპტი, სიახლე, თუ ინფორმაცია გასტრონომიული სახის ტრენდების შესახებ.
რეგიონში ტურისტებისთვის საინტერესო და მიმზიდველი მიმართულებების შექმნის მიზნით კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მზადაა შექმნას სპეციალური ტურები თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ინფრასტრუქტურის – „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ქარხნის დათვალიერების მიზნით. ტურისტებს ყოველთვის აინტერესებთ, საკუთარი თვალით ნახონ ლეგენდარული მინერალური წყლის „ბორჯომის“ წარმოების პროცესი.
კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ შეიქმნა და უკვე ორი წელია აქტიურად იმართება ბორჯომის ტურისტული საიტი www.travelinbojromi.ge და ამავე საიტის ფეისბუქ პლატფორმა.