მარიამ ქვრივიშვილმა და ზურაბ პოლოლიკაშვილმა გაეროს- მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის საქართველოში ჩატარების საორგანიზაციო საკითხები განიხილეს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, დიდ ბრიტანეთში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა- ბაზრობაზე WTM London- ის ფარგლებში გაეროს მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან ზურაბ პოლოლიკაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე 2020 წლის ივნისში, საქართველოში, ტურიზმის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების, გაეროს- მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარების საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
მარიამ ქვრივიშვილსა და ზურაბ პოლოლიკაშვილს შორის გამართულ შეხვედრაზე უმნიშვნელოვანესი სხდომის თარიღად 2020 წლის 10-12 ივნისი გადაწყდა.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა თბილისში ჩატარდება. საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 40-მდე მინისტრი და 300 დელეგატი ესტუმრება. ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას მთელს მსოფლიოში და ტურიზმის სფეროში ინვესტიციების მოზიდვას.
აღმასრულებელი საბჭოს ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო კორპორაციების, კომპანიების ხელმძღვანელები და ინვესტორები ეწვევიან. აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და იგი გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს განიხილავს.
აღმასრულებელი საბჭოს სხდომა 2020 წელს ესპანეთში უნდა გამართულიყო, თუმცა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის შუამდგომლობით უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას პირველად საქართველო უმასპინძლებს. სხდომის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დელეგატები 2020 წლის 10-12 ივნისს თბილისის შემდეგ კახეთს ეწვევიან.
“გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, ზურაბ პოლოლიკაშვილთან შეხვედრაზე განვსაზღვრეთ უმნიშვნელოვანესი ღონისძიების, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის თარიღი და განვიხილეთ საორგანიზაციო საკითხები. საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე ღონისძიება 2020 წლის 10-12 ივნისს თბილისსა და კახეთში გაიმართება.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ღონისძიების საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდისა და სწორი პოზიციონირებისთის მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე“ -განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.
მარიამ ქვრივიშვილსა და ზურაბ პოლოლიკაშვილს შორის, ლონდონში, გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, 2019 წლის 5 დეკემბერს, ბათუმში დაგეგმილი საერთაშორისო საქმიანი ტურიზმის სემინარის საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელეს.
ღონისძიება პირველად საქართველოში, აჭარაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის მხარდაჭერით და მსოფლიო საქმიანი ტურიზმის ასოციაციის (ICCA) ეგიდით ჩატარდება.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ზურაბ პოლოლიკაშვილთან შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი, აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილე სულხან ღლონტი და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ